"ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის გადაწყვეტილებით, მოგების 5 პროცენტი მუდმივად გადაირიცხება ფონდში, რომელსაც ერქმევა ამ რეგიონის აღორძინების ფონდი. ეს არის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი." - ეს მნიშვნელოვანი განცხადება ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის "ტრანსელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ გუშინ, "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის" ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე "თბილისი მერიოტში" განაცხადა.
ენერგეტიკოსებს, ეკონომისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრა-დისკუსიაზე, რომელიც ხუდონჰესის პროექტს მიეძღვნა, დავით მირცხულავამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება:
"გაჩნდა ინიციატივა, რომ ინვესტორმა იფიქროს ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე. სახელმწიფოსთან ერთად ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას ამ გვირაბის მშენებლობაში. სვანეთი ზამთრის კურორტია, სათხილამურო სპორტისთვის გადასარევი ტრასებით. თეთნულდის ახალი საბაგირო გზები შენდება და სასტუმროები კი ცარიელია. იანვრის განმავლობაში, მხოლოდ ახალ წელს იყო რამდენიმე სასტუმრო დატვირთული. როდესაც გზა განახლდება, იქნება საშუალება კოპიტნარის აეროპორტიდან საათსა და 40 წუთში ადამიანი უშგულში მოხვდეს. ეს იქნება უზარმაზარი პლიუსი ამ რეგიონის განვითარებისთვის. მაგალითად მოვიყვან იტალიის პატარა რეგიონს ვანდაოსტას. ამ რეგიონში საშინელი დემოგრაფიული მდგომარეობა იყო, მაგრამ როდესაც განხორციელდა რამდენიმე ასეთი დიდი ობიექტი, საუბარი მაქვს ჰესებზე, დღეს ერთადერთი მთიანი რეგიონია იტალიაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ ვართ ოპონენტები ერთმანეთის მტრები, ნურც ნურავინ იტყვის, რომ აი იქეთ მხარეს, ან აქეთ მხარეს საქართველო არ უყვარს. საქართველო უყვარს ორივე მხარეს, მაგრამ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ წყალსაცავის მშენებლობა და განსახლების თემა ყოფილიყოს ადვილად გადასაწყვეტი საკითხი. "