ევროკავშირი საქართველოს დაფინანსების გაზრდის საკითხს განიხილავს

ევროკავშირი საქართველოს დაფინანსების გაზრდის საკითხს განიხილავს

EuObserver - ევროკავშირი საქართველოს დაფინანსების გაზრდის საკითხს განიხილავს ევროკავშირი განიხილავს ლობისტების დაქირავებას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ "დეზინფორმაციას" და მეტი დაფინანასება გაიღოს საქართველოსა და მოლდოვასთვის. ამის შესახებ ევროპული გამოცემა EuObserver წერს.

ამასთან, სტატიის ავტორის ენდრიუ რიტმენის განცხადებით, ეს საკითხები შეტანილია ორ დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 თებერვალს, ბრიუსელში განიხილავენ.

"ამ საკითხების განხილვა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც უკრაინამ რუსეთის ზეწოლით უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერაზე თქვა უარი გასულ წელს ლიტვაში და ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის პოლიტიკის სიცოცხლისუნარიანობა ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთ პარტნიორიობის რეგიონში", - აღნიშნავს ენდრიუ რიტმენი.

ამასთან, როგორც სტატიაში ნათქვამი, ერთ-ერთი დოკუმენტი, სახელწოდებით "ვილნიუსის შემდგომ 20 მოსაზრება აღმოსავლეთ პარტნიორობაზე" შვედეთმა მოამზადა და მას ხელი მოაწერა ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

"უკრაინაზე რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო ბლოკადის შემდეგ, დოკუმენტში გაფრთხილებაა, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მზადყოფნა დაწინაურებული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ მოსალოდნელ საშინაო და საგარეო საფრთხეებზე, როგორიცაა სავაჭრო ემბარგო, შრომითი მიგრანტების წინააღმდეგ შეზღუდვები და მოუგვარებელ კონფლიქტებში გაზრდილი დაძაბულობა", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, როგორც ენდრიუ რიტმანი წერს, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მაღალი დონის მოხელეები ხშირად უნდა ჩავიდნენ საქართველოსა და მოლდოვაში კონკრეტული მიზნებით, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი უმცირესობებისა და რეგიონების საკითხებზე.

როგორც სტატიაშია ნათქვამი მეორე დოკუმენტი პოლონეთმა მოამზადა და ის ევროკავშირის ბიუჯეტს ეხება.

"დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს საქართველოსა და მოლდოვას დაფინანსება და ევროკავშირმა დამატებითი დახმარება უნდა გაიღოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა რეპრესიულ სახელმწიფოებში თანხები უნდა მიმართოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, სტუდენტებსა და უმცირესობებზე", - წერს ენდრიუ რიტმანი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული 10 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის საკითხსაც. თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს მინისტრები არაოფიციალურ ვითარებაში განიხილავენ.

"არსებობს შიში უკრაინაში ესკალაციის თაობაზე. ეს კი მიგრაციის თაობაზე შეკითხვებს ბადებს – ადამიანებზე, რომელთაც შესაძლოა ევროკავშირში ჩასვლისა და თავშესაფრის მიღების სურვილი გაუჩნდეთ. როგორც პასუხისმგებელი მეზობელი, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ასეთი შესაძლებლობისთვის", - ციტირებს ენდრიუ რიტმანი წყაროს კომენტარს.