„მეღვინეობა ხარებამ“  წარმოების მართვაში თანამედროვე პროგრამა დანერგა

„მეღვინეობა ხარებამ“ წარმოების მართვაში თანამედროვე პროგრამა დანერგა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „მეღვინეობა ხარებამ“ და კომპანია Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლობამ სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“ გამართეს კონფერენცია  თემაზე - „Microsoft Dymanics NAVISION“, რაც წარმოადგენს კომპანიის რესურსების მართვის თანამედროვე სისტემას, ეგრეთ წოდებულ ERP - ს (Enterprise Resource Planning). კონფერენცია მიეძღვნა მეღვინეობის ინდუსტრიაში ბიზნესის მართვის თანამედროვე, სისტემური პროგრამების დანერგვასა და მის მნიშვნელობას. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და  ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეისათვის „მეღვინეობა ხარება“ კავკასიაში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის   ერთადერთია,  რომელმაც აღნიშნული სისტემური პროგრამა დანერგა.

როგორც ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „მეღვინეობა ხარება“ მრავალფუნქციური ორგანიზაციაა. ასეთი ტიპის ორგანიზაციისთვის რესურსების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა (ERP) მნიშვნელოვანია. პროგრამის არსებობის პირობებში, წარმოება ზოგავს ხარჯებს და ამავე დროს, მაღალი ხარისხის მენეჯმენტი გაჩნია. ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს წარმოება, თუ მენეჯმენტი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა დარგის განვითრებას უწყობს ხელს, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია.

ERP სისტემა  ბიზნესის მართვის კომპლექსური პროგრამაა, რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და საშუალებას იძლევა, რომ კომპანიის მართვა განხორციელდეს  საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის და სტანდარტების გამოყენებით.

ERP მულტიფუნქციური პროგრამაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საოპერაციო მოდულს და ქმნის შესაძლებლობას აღირიცხოს და იმართოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალური მიმართულებები, როგორიცაა: ფინანსური მენეჯმენტი, პროდუქციის წარმოება, გაყიდვები, შესყიდვები, ძირითადი საშუალებების მენეჯმენტი, კადრების მართვა და სხვა. პროგრამაში ჩართულია კომპანიის ყველა რგოლი.

აღნიშნული პროგრამა უნიკალური საშუალებაა, კომპანიაში არსებული ყველა ინფორმაციამ ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოიყაროს თავი და საშუალებას აძლევს ინფორმაციის მომხმარებლებს (დამფუძნებლებს, მენეჯმენტს, კრედიტორებს, ინვესტორებს, აუდიტორებს და მაკონტროლებელ ორგანოებს)  ოპტიმალურ დროში მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რაც  ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.