საკმაოდ შორეულ წარსულში, იყო შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტა საჯარო შეკრებების გზით წყდებოდა. სოფელს თავისი უხუცესები ჰყავდა, რომელნიც საოფლის ცენტრში მოუხმობდნენ მოსახლეობას, განიხილავდნენ ამა თუ იმ საკითხს და გადაწყვეტილებასაც ერთობლივად იღებდნენ... მაგრამ ეს იყო ორი საუკუნის წინ! 21–ე საუკუნეში ეს ყველაფერი გაგვახსენა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა. სახალხო კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხაიშელებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ და გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა შესთავაზეს - ამ შეთანხმებით დასრულდა მათი ბოლო შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან ერთი კვირის წინ.
დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება-არგანხორციელების საკითხი, როგორიც ხუდონჰესია, ცხადია, რომ სახალხო კრების გადაწყვეტილების დონეზე არ უნდა წყდებოდეს. ასეთ მშენებლობაზე გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა მიიღოს. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მოსახლეობის ინტერესები და მათი აზრიც. თავად ის, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი ელექტროენერგია, ვიდრე დღეს გვაქვს, ფაქტია. ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა ჰესის აშენება“.
ფიქრია ჩიხრაძე, „ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი: „ მსხვილი ინფრასტრუქტურული, უფრო კი ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგი არც ადრე ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. მიმაჩნია, რომ აუცილებელია დიდი ჰესების მშენებლობა, რადგან ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა წყვეტდეს ხუდონჰესის პროექტის განხორციელება-არგანხორციელების საკითხს, ცხადია, რომ ხელისუფლება! ეს მთავრობის მოვალეობაა და გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს. მაგრამ გასათვალისწინებელია მოსახლეობის პოზიციაც, ხელისუფლება და თავად ინვესტორი უნდა ეცადონ, რომ დაელაპარაკონ ხალხს და გადაწყვეტილება ასე მიიღონ. ხალხის აზრს სჭირდება ანგარიშის გაწევა, შეთანხმება, სიტუაციის განეიტრალება კი მოსახლეობასთან ინტენსიური მუშაობის შედეგად უნდა მიიღწეს“.
ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი: „ხუდონჰესის პროექტის განხორციელება-არგანხორციელების საკითხი, რა თქმა უნდა, მთავრობის გადასაწყვეტია, ეს ხელისიფლების ლეგიტიმაციაა. იმის გამო, რომ ახალი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესებისადმი ძალიან სენსიტიურია, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ხალხთან კონსულტაციის შედეგად უნდა იყოს მიღებული. მოკლედ, პროექტის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება თემის დონეზე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხალხის აზრიც გასათვალისწინებელია“.
კახა კუკავა, თბილისის საკრებულოს დეპუტატი: სახალხო კრება არ არის ოფიციალური ორგანო, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება-არგანხორციელების გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ძალიან მაგონებს კომპარტიის ყრილობას. თუმცა, ხუდონჰესი გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც განხილვისას საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის აქტიურ ჩართვას მოითხოვს. პირველ რიგში, მოსახლეობის. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.
კანონის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. კანონმდებლობაზე მაღლა არსებობს ლეგიტიმურობის პრინციპი, რომელიც ასევეა გასათვალისწინებელი.
ცალკე აღებული, სვანეთი არავისია, ის არის საქართველოსი და სვანი ხალხის, რომელიც იქ ცხოვრობს. როგორც ასეთი, სახალხო კრება არ არის ოფიციალური ორგანო და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ მოსახლეობასთან კონსულტაციები სისტემატურად უნდა იმართებოდეს. გრძელვადიანი პროექტის განხორციელებისას ჩამოყალიბებული უნდა იყოს კაპიტალური პოზიცია. იქ, სადაც რისკი მაღალია, მომხრე ვარ, ექსპერტული განხილვები ტარდებოდეს და არა სახალხო კრება.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პროექტის მიმართ, ზოგადად დიდი ჰესების მშენებლობას საქართველოში მხარს ვერ დავუჭერ, თუ გამონაკლისი არ იქნება.