IFC

IFC "საქართველოს ბანკში" 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

IFC "საქართველოს ბანკში" 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კაპიტალიზაციის ფონდი "საქართველოს ბანკში" 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.

როგორც თომას ლუბეკმა განაცხადა, აღნიშნული ინევსტიცია საქართველოს უმსხვილეს ბანკს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

მისი თქმით, 10-წლიანი სესხი ბანკის სასესხო პორტფელს და შესაბამისად, გრძელვადიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობებს გაზრდის.

"ეს სუბორდინირებული სესხი "საქართველოს ბანკს" ხელს შეუწყობს კაპიტალის განმტკიცებაში. შედეგად, ბანკი დააფინანსებს ქართულ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მსესხებლებს, რაც ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების ზრდის წინაპირობაა. ეს პროექტი "საქართველოს ბანკისა" და IFC-ის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ლუბეკმა.

IFC-ის უწყვეტი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. მისი თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "საქართველოს ბანკი" უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ლიდერია.

"ეს კაპიტალი 500 მილიონის ოდენობის დამატებითი სესხების გაცემის საშუალებას მოგვცემს, შესაბამისად კრედიტი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ეს ძვირიანი სესხი არ არის და 10-წლიან კაპიტალს წარმოადგენს, რაც ასევე დადებით გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთებზე", - აღნიშნა გილაურმა.