სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიეკსს შეხვდა. მინისტრი სტუმარს დეტალურად ესაუბრა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და იმ წარმატებებზე, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პენიტენციურ სისტემაში იქნა მიღწეული.
ადამიანის უფლებათა კომისარი დაინტერესდა, დაცვის რა მექანიზმი შემუშავდა ციხეებში წამების ფაქტების აღსაკვეთად და რამდენად ეფექტურია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგი. სოზარ სუბარის განცხადებით, მთავარი ბერკეტი იმისა, რომ ციხეებში წამების ფაქტები აღარ განმეორდეს, უკვე არსებობს და ეს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.
მინისტრმა სტუმართან დეტალურად განიხილა ის მექანიზმები, რომელიც ციხეებში ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და წამების ფაქტებს არ დაუშვებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომპონენტი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების ყველა ასპექტში იგრძნობა.