სირიის რეჟიმი სისტემატურად ეწეოდა 11 ათასამდე პატიმრობაში მყოფი ადამიანების წამებასა და მათ სიკვდილით დასჯას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დაწყებიდან მოყოლებული. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს, სამხედრო პოლიციის ყოფილი პროკურორების მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით.
CNN-ის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის ყოფილმა ფოტოგრაფმა, რომელმაც სირიიდან გაქცევა შეძლო, ფარულად გამოიტანა 11 ათასი მოკლული პატიმრის 55 ათასი ფოტო.
როგორც ფოტოგრაფმა გამომძიებლებს განუცხადა, მას გარდაცვლილი პატიმრების ფოტოს გადაღება ევალებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ მათი სიკვდილით დასჯის ბრძანება ნამდვილად შესრულდა.
სირიის სამშვიდობო კონფერენცია "ჟენევა 2" ხვალ გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მაგიდას პირველად მიუსხდებიან სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
"ჟენევა 2" გაერო-ს, რუსეთის, აშშ-სა და რამდენიმე ევროპული და არაბული ქვეყნის ეგიდით იმართება. ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა გუშინ გააუქმა სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე ირანის მიწვევა.