"თავის დროზე მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. ის რომ არ აშენებულიყო, დღეს პრემიერ-მინისტრი იგორ გიორგაძე იქნებოდა და 2008 წელს რუსული ჯარები თბილისში შემოვიდოდნენ“, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე და მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.
როგორ აფასებთ სიტუაციას საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხრივ, რამდენადაა უზრუნველყოფილი ქვეყანა ელექტროენერგიით?
სანდრო თვალჭრელიძე: დღეს ენერგეტიკის გაერთიანებულ სისტემაში პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, ზაფხულში ელექტროენერგია მიდის ექსპორტზე, ხოლო ზამთარში ვიღებთ იმპორტით.
ხუდონჰესი თუ აშენდა, მაშინ მთლიანად ვიქნებით უზრუნველყოფილი საჭირო ელექტროენერგიით. საერთოდ, საქართველოში უნდა განხორციელდეს 111 ენერგეტიკული პროექტი, რის შემდეგაც საქართველო იქნება ელექტროენერგიის ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანა.
ხუდონჰესის მშენებლობას გარემოსდამცველები სერიოზულად აკრიტიკებენ. თქვენი აზრით, შეუქმნის თუ არა ხუდონის მშენებლობა ეკოლოგიას საფრთხეს?
კარგი იქნებოდა ენგურჰესი არ აშენებულიყო, მაგრამ რაკი აშენდა, ის ზიანი, რა ზიანიც გარემოს შეიძლება მისდგომოდა, უკვე მიადგა, ამ მხრივ ხუდონჰესი არაფერს აღარ შეცვლის. ისინი ვინც თავს გარემოსდამცველებს უწოდებენ, სინამდვილეში ანტიგლობალისტები არიან. ჩვენ უნდა ვიაროთ გლობალიზაციის გზით, რათა გადავრჩეთ. მიმაჩნია, რომ დღეს ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგ გამოსვლა არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.
რამდენად მნიშვნელოვანია, ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის?
საქართველოში დღეს დადგმული სიმძლავრე არის 4,5 გიგავატი. იმისათვის, რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, საჭიროა სულ მცირე ამ სიმძლავრის გაორმაგება. ხუდონის მშენებლობით დღეს არსებული გამომუშავება სულ მცირე 30 %-ით გაიზრდება. ე.ი. ალტერნატივა ასეთია - ან უნდა ავაშენოთ ხუდონჰესი, ან აქცენტი ატომური სადგურისკენ ავიღოთ, ან კიდევ ნახშირზე უნდა ავაშენოთ ძალიან მძლავრი, 1 გიგავატიანი თბოსადგური, რაც ნამდვილად ეკოლოგიური კატასტროფა იქნება. ამიტომ, სჯობს გარემოსდამცველები ამაზე დაფიქრდნენ, ვიდრე ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედებაზე ისაუბრებენ. სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუ არ ავაშენეთ ხუდონჰესი, რამდენიმე წლის შემდეგ ჩავბნელდებით.
მცირე, 6 მეგავატიანი ჰესი შენდება ყაზბეგში, რომელიც არის უკაშხალო ანუ დერივაციული ტიპის და უსაფრთხო, ეკოლოგები ამის წინააღმდეგაც გამოდიან, ამბობენ, რომ ეს ჰესი თერგს გააფუჭებს და რომ სჯობს, ელექტროენერგია რუსეთიდან შემოვიტანოთო. ასეთი მიდგომა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.
- გასული საუკუნის 80-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია ხუდონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შემდეგ პროექტი შეჩერდა. ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში კვლავ დაიწყო ხუდონის თემის გააქტიურება და როგორც ცნობილია, თავად ზურაბ ჟვანიაც კი იყო ამ პროექტის მომხრე.
- ძალიან კარგად მახსოვს რა პროსეცები მიმდინარეობდა 80-იან წლებში, როცა მწვანეთა მოძრაობის ლიდერი იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც იმ დროს ხუდონჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეროვნული მოძრაობა ასეთი იყო - რაც კომუნისტების პროექტების წინააღმდეგაა, ის ყველაფერი კარგია. მაშინ ეს იყო პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი. მერე, როდესაც ჟვანია მთავრობაში მოვიდა, აღიარა, რომ ეს იყო შეცდომა და ხუდონჰესის გარეშე ჩვენი განვითარება არ მოხდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, ერთად დავდიოდით მე და ზურა და ინვესტორებს ვეძებდით.
- მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ენგურჰესის და ჟინვალჰესის მშენებლობისაც, თუმცა ორივე ჰესი აშენდა და ამან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ახლა წინააღმდეგობას აწყდება ხუდონჰესიც. როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ამის მიზეზი? ექსპერტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მოსახლეობა არაა სათანადოდ ინფორმირებული.
- საზოგადოების ინფორმირებულობა არაპროფესიონალურად მიმდინარეობს. თავის დროზე მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის. ის რომ არ აშენებულიყო, დღეს პრემიერ-მინისტრი იგორ გიორგაძე იქნებოდა და 2008 წელს რუსული ჯარები თბილისში შემოვიდოდნენ. ასეთი დიდი პროექტების მშენებლობისას მოსახლეობა ყოველთვის წინააღმდეგია, არ უნდათ ცხოვრების სტილის შეცვლა. ეს რომ ასე არ იყოს, საჭიროა ამ ადამიანებისთვის ნორმალური პირობების შექმნა, ნორმალური კომპენსაციის გაცემა. აქ ჩემი აზრით, გარემოს დაცვის სამინისტრო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. საერთოდ, გარემოზე შეფასების გაკეთება ეს არის საჯარო პროცესი, მოსახლეობა ტექნიკურ-ეკოლოგიურ პარამეტრებს კი არ უყურებს, სურს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს ამისგან. რა თქმა უნდა ხუდონჰესიც აშენდება და მოსახლეობაც მიიღებს კომპენსაციას, რადგან 200 ადამიანის ინტერესი და საქართველოს სტრატეგიული ინტერესი სასწორზე რომ დადო, მათი ხვედრითი წონა აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. თუმცა, აუცილებელია რაც შეიძლება მეტად მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი ინტერესების დაკმაყოფილება.