საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, აბდულა გიულის შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ჩანკაიას სასახლეში პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა, რომელშიც ორივე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.