უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისთანავე საკუთარ ენაზე გამოცემული საინფორმაციო ბროშურები გადაეცემათ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, მიგრანტი პატიმრებისთვის განკუთვნილი ბროშურა 10 სხვადასხვა ენაზე გამოსცა. ბროშურაში ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო მომსახურებისა და მისი გამოყენების შესახებ.
პროექტის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დელიროვამ პრესკონფერენციას გამართეს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 25 სხვადასხვა ქვეყნიდან 179 პატიმარი იხდის სასჯელს. აღნიშნული ბროშურები მშობლიურ ენაზე ყველა მიგრანტ პატიმარს დაურიგდა, დაწესებულების ადმინისტრაციებს კი თარჯიმანთა საკონტაქტო ბაზა გადაეცათ , რათა საჭიროების შემთხვევაში, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებმა, ისე დაწესებულებებში განთავსებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მოთხოვნის შესაბამისად დაუყოვნებლივ ისარგებლონ თარჯიმნის სერვისით.
პროექტი სასჯელაღსრულების სისტემაში პირველად განხორციელდა და მიზნად ისახავს მიგრანტთა უფლებების უკეთ რეალიზებას და მათი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას.