დღეს, 17 იანვარს, 15:00 საათზე, ლიბერთი თაუერში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ჩხეიძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ გააფორმეს ხელშეკრულება მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ნედლეულის შესაძენად გაცემული დახმარება 800 000-მდე ფერმერს ლიბერთი ბანკის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის ემიტირებულ ‘აგრო ბარათებზე’ დაერიცხებათ. ფერმერები ბარათს უსასყიდლოდ მიიღებენ, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის გახარჯვა პროექტში ჩართულ მერჩანტებთან იქნება შესაძლებელი.
"აგრო ბარათი" წარმოადგენს თანამედროვე, უკონტაქტო ტიპის ბარათს მულტისავალუტო ანგარიშით, რომლის მფლობელიც არაერთი დამატებითი უპირატესობით ისარგებლებს, კერძოდ:
ბარათი გრძელვადიანია და მისით სარგებლობა მომხმარებელს 10 წლის მანძილზე შეეძლება
ასეთ საბარათე ანგარიშზე განთავსებულ ლარში დენომინირებულ ნაშთებს (სუბსიდიის ქულების გამოკლებით) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-10%-ის ოდენობით
ბარათის მფლობელები ჩაერთვებიან ლიბერთი ბანკის კლიენტების ლოიალობის პროგრამაში და ისარგებლებენ 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებით 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში (ობიექტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე www.cheap.ge)
ფერმერებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მობილური ტელეფონის საშუალებით აკონტროლონ საკუთარი ბალანსები, შეღავათიანი ტარიფებით გადაიხადონ კომუნალური გადასახდელები, განახორციელონ ტრანზაქციები თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის პოს ტერმინალებსა და ბანკომატებში და ისარგებლონ ლიბერთი ბანკის სხვა პროდუქტების შეღავათიანი პირობებით
ბარათის გამოყენების ინსტრუქცია და უპირატესობების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ 30 იანვრიდან, ვებგვერდზე www.agricard.pay.ge
ლიბერთი ბანკი სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის უნიკალური გამოცდილებისა და საქართველოში ყველაზე ფართო ქსელის მქონე ფინანსური ინსტიტუტია. 565 ფილიალისა და სერვის ცენტრის (მათ შორის მობილური სერვის ცენტრების) საშუალებით, ლიბერთი ბანკი 1.4 მილიონ ფიზიკურ და 70 000-მდე იურიდიულ პირს ემსახურება.
ლიბერთი ბანკი კიდევ ერთხელ აღნიშნავს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტების მართვის სააგენტოს ამ ინიციატივას და აცხადებს მზადყოფნას მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა მსგავსი სახის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო პროექტებში.