"რატომ უნდა დაეხმაროს ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვას ახლა", - ამ სათაურით აქვეყნებს "კარნეგის ცენტრი" ჯუდი დემფსის სტატიას საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების შესახებ.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის ინტენსიური დახმარება სჭირდება.
ამასთან, ჯუდი დემფსი წერს, რომ გასულ წელს, ვილნიუსში გამართულ "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" სამიტამდე, რუსეთმა ყველაფერი იღონა, რათა ხელი შეეშალა მოლდოვასთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებაში.
ავტორის თქმით, რუსეთის მხრიდან მოლდოვასთვის სავაჭრო ემბარგოსა და ენერგეტიკული მომარაგების შემცირების მიუხედავად, მოლდოვას ხელისუფლება მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე.
"საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან შედარებით ნაკლები ზეწოლა იყო. ვილნიუსის სამიტამდე, მოსკოვმა საბოლოოდ გააუქმა ემბარგო ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყლებსა და სხვა პროდუქციაზე. მაგრამ ერთი წუთითაც არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი დათმობს საკუთარ მცდელობებს, ხელი შეუშალოს ორივე ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობების გამყარებაში", - წერს ჯუდი დემფსი.
ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი კვლავ მიუბრუნდება მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების საკითხს საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესასუსტების მიზნით.
როგორც ჯუდი დემფსი წერს, მოლდოვას მსგავსად, საქართველოს უამრავი პრობლემები აქვს.
"გასულ წელს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასა" და ყოფილი პრემიერ-მინისტრის "ქართულ ოცნებას" შორის არსებულმა კოჰაბიტაციამ ქვეყნის პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვია. ორივე ლიდერის ხელისუფლებაში ერთდროულად ყოფნისას, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების პოლიტიკა გაატარა. პარალელურად ამისა კი, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულეს. გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კოჰაბიტაცია დასრულდა, საპრეზიდენტო უფლებამოსილება კი "ქართული ოცნების" ხელშია. თუმცა რთულია იმის თქმა, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატს გააუმჯობესებს. ყველაფერი ეს კი რუსეთისთვის სასიამოვნო ამბავია", - წერს ჯუდი დემფსი.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, რუსეთს ამ საკითხში ჩარევის უამრავი შესაძლებლობა აქვს. მას შეუძლია საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომელიც რუსეთს საქართველოსთან 2008 წელს ხანმოკლე ომის შემდეგ ოკუპირებული აქვს.
"თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ საზღვრებს გაამკაცრებს, რაც აუცილებლად შეაფერხებს მოძრაობას აღმოსავლეთ საქართველოს თბილისთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს. მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა მოლდოვასა და საქართველოს მხარდასაჭერას, რომ მათ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმოს", - წერს ჯუდი დემფსი.
ამასთან, ავტორის თქმით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს შეთანხმებების ხელმოწერა, მაგრამ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა ამას შეაფარხებს. საქართველოსა და მოლდოვას კი ჯერაც შესასრულებელი აქვთ ევროკავშირის ბევრი კანონი – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იგივე ითქვას ბულგარეთსა და რუმინეთზე, რომლებიც ევროკავშირს შვიდი წლის წინ შეუერთდნენ.
როგორც ჯუდი დემფსი წერს, მოლდოველებისთვის და ქართველებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება, თუ ახალგაზრდები ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ასევე ახალგაზრდებს მიეცეთ ერასმუსის სასწავლო პროგრამში წვდომის უფლება. ჯუდი დემფსის თქმით, ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.
"ევროკავშირმა ასევე უნდა გამოიყენოს მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს ინტერვიუები ახალგაზრდებთან, მაგალითად, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ევროკავშირში სწავლა, მუშაობა და მოგზაურობა", - წერს ჯუდი დემფსი.
ამასთან, სტატიის ავტორს მოჰყავს რუსეთის ქალაქ კალინინგრადის მაგალითი, რომლის მოქალაქეებსაც 2012 წლიდან მოყოლებული, რუსეთ-პოლონეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლონეთში გამგზავრება და საზღვრის გადაკვეთა უვიზოდ შეუძლიათ.
"კალინინგრადში მხოლოდ 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ გასულ წელს კალინინგრადიდან პოლონეთში 6 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, ზოგიერთები შოპინგისთვის ჩამოდიან, ზოგიერთები კონცერტზე დასასწრებად, ზოგიერთები, უბრალოდ, სამოგზაუროდ. ეს უდიდესი წარმატება იყო", - ციტირებს ავტორი პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ადამ დანიელ როტფილდის კომენტარს.
ამასთან, როგორ ჯუდი დემფსი წერს, ახლა არა გუნდური ქადაგების, არამედ ჩართულობის დროა. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, პრორუსულ და ანტიევროპულ პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების მოსმენასა და მათთან მოლაპარაკებებს.
"ევროკავშირმა ყველანაირი ძალისხმევა უნდა იხმაროს ასოცირების შეთანხმებების გასაფორმებლად, ვიდრე გვიანი არ არის", - წერს ჯუდი დემფსი.