ვენეციის კომისია მზად არის, ქართულ მხარეს საკონსტიტუციო რეფორმაში დაეხმაროს

ვენეციის კომისია მზად არის, ქართულ მხარეს საკონსტიტუციო რეფორმაში დაეხმაროს

ვენეციის კომისია მზად არის, ქართულ მხარეს საკონსტიტუციო რეფორმაში დაეხმაროს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაიწყეს. 

იუსტიციის სახლში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯონ ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი დავით უსუფაშვილმა მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ კი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელები საკონსტიტუციო რეფორმის მიზნით შექმნილ სახელმწიფო კომისიის წევრებს შეხვდნენ.

კომისიიდან შეხვედრაში, პარლამენტის წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა, კონსტიტუციონალისტებმა და ექსპერტებმაც.

როგორც შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, ვენეციის კომისია მზად არის, საკონსტიტუციო რეფორმაში საექსპერტო დონეზე ქართულ მხარეს დახმარება გაუწიოს და კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.

"ვენეციის კომისიას აქვს თანამშრომლობის სურვილი, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. პრაქტიკულად, ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. არის ბევრი ნორმა, რაც გადახედვას და გაამუშავებას საჭიროებს, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუცია მთლიანად უნდა შეიცვალოს" - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში კონსტიტუციური სტაბილურობა დამკვიდრდეს.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს ისიც, რომ გადაიხედოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და არც ერთ სახელისუღფლებო შტო საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, ერთმანეთს არ კვეთდეს. კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მთავრობის, პარლამენტის სასამართლოს უფლებამოსილებების საკითხი. ასევე პრეზიდენტის როლი. გარდა ამისა, დღევადელ შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე, კონსტიტუციის მნიშვნელოვან ნაწილზე. ვენეციის კომისია მიიჩნევს იმასაც, რომ უნდა გაიზარდოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის პოზიციაა, რომ მუშაობა კომისიას სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარმართოს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

იუსტიციის სახლიდან ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა და ვენეციის კომისიის მდივანმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გადაინაცვლეს. დღესვე ისინი შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებთან.

დღის ბოლოს კი დავით უსუფაშვილი და ჯონი ბუკიკიო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.