დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი რესურსების საშუალებით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ დღეს აზრი ორადაა გაყოფილი.
რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ ექსპერტები და როგორია მათი არგუმენტები.
იური ლომიძე, ენერგეტიკოსი: „რა თქმა უნდა, ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჰესი ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ მან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს გარემოზე, არასწორია. პროექტის ავტორებზე კარგად ეს არავინ არ იცის და შესაბამისად, ამაზე სხვისგან საუბარი ზედმეტია. საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური 1896 წელს აშენდა ბორჯომში, თუ ვინმე იტყვის, რომ მან სადმე რამე ზიანი მოიტანა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მას ზიანი ნამდვილად არ მოუტანია. ჩვენ ვართ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ახლა სოფლის მეურნეობაში სერიოზული პროექტები ხორციელდება, ამისათვის კი საჭიროა ირიგაცია, ირიგაციული სისტემა არ არსებობს ტუმბოს გარეშე, ტუმბოს სჭირდება ელექტროძრავი, ძრავს კი სჭირდება ელექტროენერგია, სხვა შემთხვევაში მიწას ვერ მოვრწყავთ. ავიღოთ იგივე მთაგორიანი ქვეყნები, კერძოდ ავსტრია, შვეიცარია, სადაც ჰიდროენერგეტიკული რესურსების 80-90% ათვისებულია, ჩვენთან კი მხოლოდ კი 8-10%“.
თემურ იორდანიშვილი, ჰიდროენერგეტიკოსი: „რაც უფრო ძლიერია ქვეყანა ენერგომატარებლებით, მით უფრო კარგია ეს ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ ადამიანის მოთხოვნა, ვინც ჰესის მშენებლობის დროს დაზარალდება და პრობლემა შეექმნება“.
თემურ გოჩიტაშვილი, სამთო ინჟინერი: „ხუდონჰესი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და აუცილებლად განსახორციელებელი, იმ პარამეტრებით, რომლითაც არის დაპროექტებული. ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა სახით აშენდეს და ა.შ, არასერიოზულია და არასწორი მიდგომაა. ამასთან, ხუდონჰესს თავისი განვითარების აუცილებელი საფეხურები აქვს გასავლელი. ერთ-ერთი არის ადგილობრივი მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირება ამ პროექტის ყველა სიკეთეზე. აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, რომ ხუდონჰესი გარემოზე ცუდ ზეგავლენას არ მოახდენს. ასე რომ, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სწორი წარმართვის შემთხვევაში, რის საშუალებასაც კანონმდებლობა აბსოლუტურად იძლევა, ძალიან დიდ შეღავათს გაუწევს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თუ არ აშენდება, ენერგოუსაფრთხოება ვერ გაუმჯობესდება“.