სუფრის მარილში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა

სუფრის მარილში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა

2013 წლის დეკემბრის ბოლოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტიდან სუფრის მარილის სინჯი აიღო და შესამოწმებლად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის მიზანი იყო მარილში იოდის, ტოქსიკური ელემენტებისა და რადიონუკლიდების განსაზღვრა.

ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ნიმუშში, კერძოდ, შპს "ეკო ჯორჯიას" მიერ დაფასოებულ ირანული წარმოშობის მარილში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დასაშვებ ნორმას - 2.0 მგ/კგ-ს და შეადგენდა 3.2 მგ/კგ-ს (გოსტ 30178-96).

საქართველოს კანონმდებლობით, სუფრისა და სამკურნალო პროფილაქტიკურ მარილში უვნებლობის მაჩვენებლებიდან ნორმირდება შემდეგი ტოქსიკური ელემენტები: ტყვია - არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; დარიშხანი - არაუმეტეს 1,0 მგ/კგ; კადმიუმი - არაუმეტეს 0,1 მგ/კგ; ვერცხლისწყალი - არაუმეტეს 0,01 მგ/კგ; სპილენძი - არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; თუთია - არაუმეტეს 10,0 მგ/კგ. რადიონუკლიდები: ცეზიუმ-137 - ­­­­­­­­­­­300 ბკ/კგ; სტრონციუმ-90 - 100 ბკ/კგ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქსელიდან გამოითხოვა მარილის აღნიშნული პარტია, რომელსაც გაანადგურებენ კანონის შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.