ფრანსუა ოლანდი - პირადი ცხოვრების პრობლემები პირადად უნდა მოგვარდეს პირადი ცხოვრების პრობლემები პირადად უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პირადი ცხოვრების პრობლემები პირადად უნდა მოგვარდეს და პატივი უნდა ვცეთ ყოველი ადამიანის პირად ცხოვრებას. აქ კი არც ადგილია და არც დრო იმისთვის, რომ ეს საკითხი განვიხლოთ", - განაცხადა ოლანდმა პარიზში, ელისეის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მისი პირადი ცხოვრების გარეშემო ატეხილი სკანდალის შესახებ კომენტირებისას.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას, თუმცა პრობლემებს თავადვე მოაგვარებს და არავის მისცემს მასში ჩარევის უფლებას.
ამასთან, ფრანსუა ოლანდმა პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ 11 თებერვლამდე, აშშ-ში მის ოფიციალურ ვიზიტამდე, ნათელს მოჰფენს საკითხს, დარჩება თუ არა ვალერი ტრიერვეილერი საფრანგეთის პირველ ლედად.
ოლანდის სამოქალაქო მეუღლე ვალერი ტრიერვეილერი ამ დრომდე რჩება კლინიკაში, სადაც გასულ კვირას მოხვდა მას შემდეგ, რაც მეუღლისა და ფრანგი მსახიობის რომანის შესახებ შეიტყო. ფრანსუა ოლანდი და ვალერი ტრიერვეილერი 2007 წელს დაქორწინდნენ.
გასულ კვირას ფრანგულ ჟურნალ Closer-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს რომანი ჰქონდა ფრანგ მსახიობ ჟული გაისთან.