ამერიკული გამოცემა - საფრთხე სოჭის ოლიმპიადაზე, თანხის გამოძალვები, რეგრესი და შემაძრწუნებელი ისლამური ამბოხი "საფრთხე 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე: თანხის გამოძალვები, რეგრესი და შემაძრწუნებელი ისლამური ამბოხი", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Vanity Fair ბრეტ ფორესტის სტატიას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სოჭში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლისთვისაც 50 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება. მისივე თქმით, ვანკუვერში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშები მხოლოდ 7 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ამასთან, ბრეტ ფორესტი წერს, რომ რუსეთი ოლიმპიური თამაშების გამართვით მიზნად ისახავს აჩვენოს ვლადიმერ პუტინის ძალა.
"ერთი მხრივ, რეგიონი და იქ მიმდინარე უამრავი მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიოს კრიმინალური ელემენტებისთვის მიმზიდველი გახდა. 2007 წლის 4 ივლისს, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მიანიჭა, რუსეთმა მილიარდობით დოლარის გადარიცხვა დაიწყო რეგიონში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ცოტა ხანში, რუსეთის ორგანიზებული დანაშაულის თავკცამა "დედ ჰასანმა", ეთნიკურად ქურთმა საქართველოდან, თავისი დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს იმ სამშენებლო ფირმისთვის ფულის გამოძალვა დაავალა, რომელმაც ოლიმპიური კონტრაქტები მოიპოვა", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, ბრეტ ფორესტი წერს, რომ "დედ ჰასანის" ქსელი წილს იღებდა შრომითი ხელშეკრულებებიდან, უძრავი ქონების ტრანზაქციებიდან. ავტორი ასევე წერს, რომ ერთადერთი პრობლემა "დედ ჰასანისთვის" ქართველი ტარიელ ონიანი, იგივე ტარო იყო, რომელიც სავარაუდოდ, "დედ ჰასანის" მკლელობის ორგანიზატორია.
"ისღა დაგვრჩენია, ვივარაუდოთ, რუსეთის 50 მილიარდიდან რამდენი გადაირიცხა ოლიმპიადის ფონდში, რამდენი ქრთამებისთვის და რამდენი ფულის გამოძალვისთვის", - წერს ბრეტ ფორესტი და ერთ-ერთი უცხოელი მენეჯერის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ არასდროს უნახავს სოჭის ბიუჯეტი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თუ ამ ყოველივეს მთავარი სპორტული მოედნების წარუმატებელ მშენებლობას, სოჭის რესტორნებისა და სასტუმროების ტრადიციულად დაბალი დონის სამომხმარებლო სერვისსა და ცუდ ინფრასტრუქტურას დავუმატებთ, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სოჭის ოლიმპიადა ბოლო წლების ყველაზე არასახარბიელო თამაშები იქნება.
ბრეტ ფორესტი ასევე წერს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა კი ისლამისტებმა მთავარ მიზნად გაიხადეს.