დღეს სააგენტო "პირველი პრესკლუბში" გაიმართა ბრიფინგი თემაზე „ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შეფერხების მიზეზები".
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ, ჯვარი-ხორგას 500 კვ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ხელოვნურად შეფერხებას ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო უწყებების არაკოორდინირებული, არაეფექტური საქმიანობის შედეგია.
"დღეს, აღნიშნული პროექტი ხელოვნურად შეჩერებულია რიგი სახელმწიფო უწყებების ყოვლად უპასუხისმგებლო და საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო. მაგალითად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ვერ განახორციელა დროული და ეფექტური კოორდინაცია სხვა სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროებთან. დღეს, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უკვე გამოყოფილია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო 77 მილიონი ევრო, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შეუთანხმებლობა, ხდება ამ პროექტის შეჩერების და დაბლოკვის საფუძველი"- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი“ წარმოადგენს "შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის" ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელსაც საქართველოს მთავრობის თხოვნით ახორციელებს "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" (EBRD), "ევროპის საინვესტიციო ბანკი" (EIB), "გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი" (KFW) და „ევროპოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდი“ (ECNIF). პროექტის მთლიანი ღირებულება 270 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებდა დაახლოებით 60 კმ. სიგრძის ჯვარი–ხორგას 500 კვ–იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და ორი ქვესადგურის - ხორგას (220 კვ.) ქვესადგურის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას და ჯვარის ახალი (500 კვ.) ქვესადგურის მშენებლობას. პროექტი და მათ შორის, ამ პროექტის „გარემოზე ზემოქმედების შეფასება“ (გზშ) მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მიერ. ამ ეტაპზე EBRD-ის და KFW მიერ უკვე გამოყოფილია ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო საინვესტიციო თანხა 77 მილიონი ევროს ოდენობით.
"გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შეფერხება არის ყოვლად უპასუხისმგებლო ნაბიჯი და გადაწყვეტილება. ეს არის ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხისადმი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასახელმწიფოებრივი მიდგომების გამოვლენის „ბრწყინვალე“ მაგალითი." - აცხადებს ლევან კალანდაძე.