დღეს, 12:30 საათზე, სააგენტო "პირველი პრესკლუბში" გაიმართა ბრიფინგი თემაზე „ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შეფერხების მიზეზები".
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ, ჯვარი–ხორგას 500 კვ–იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ხელოვნურად შეფერხებას ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო უწყებების არაკოორდინირებული, არაეფექტური საქმიანობის შედეგია.
„ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი“ წარმოადგენს „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის“ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელსაც საქართველოს მთავრობის თხოვნით ახორციელებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB), „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი“ (KFW) და „ევროპოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდი“ (ECNIF). პროექტის მთლიანი ღირებულება 270 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებდა დაახლოებით 60 კმ. სიგრძის ჯვარი–ხორგას 500 კვ–იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და ორი ქვესადგურის - ხორგას (220 კვ.) ქვესადგურის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას და ჯვარის ახალი (500 კვ.) ქვესადგურის მშენებლობას. პროექტი და მათ შორის, ამ პროექტის „გარემოზე ზემოქმედების შეფასება“ (გზშ) მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მიერ. ამ ეტაპზე EBRD-ის და KFW მიერ უკვე გამოყოფილია ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო საინვესტიციო თანხა 77 მილიონი ევროს ოდენობით.
"აღნიშნული პროექტი დღეს ხელოვნურად შეჩერებულია რიგი სახელმწიფო უწყებების ყოვლად უპასუხისმგებლო და საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო. მაგალითად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ვერ განახორციელა დროული და ეფექტური კოორდინაცია სხვა სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროებთან. დღეს, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უკვე გამოყოფილია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო 77 მილიონი ევრო, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შეუთანხმებლობა, ხდება ამ პროექტის შეჩერების და დაბლოკვის საფუძველი"- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი“, ასევე მისი მეორე ფაზით განსაზღვრული „ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი“, მთლიანად სახელმწიფო პროექტია. ეს არ არის რომელიმე კერძო ინვესტორის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საინვესტიციო პროექტი. ამ პროექტის აღმასრულებელი არის თავად სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანიზაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ქოლგის ქვეშ არსებული ორგანიზაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება და პრაქტიკულად სრული ქაოსი და გაურკვევლობა სახელმწიფო სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობის კუთხით, კიდევ უფრო მეტ კითხვას და ბუნდოვანებას აჩენს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შეფერხება ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო ნაბიჯი და გადაწყვეტილება. ეს არის ქვეყნისათვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხისადმი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასახელმწიფოებრივი მიდგომების გამოვლენის „ბრწყინვალე“ მაგალითი.
"პროექტის განხორციელებით, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, მოვიზიდოთ მრავალ ათეულ მილიონიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია „ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), განვახორციელოთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დანიშნულების მქონე ენერგეტიკული პროექტი საქართველოში, მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლებას. აღნიშნმული პროექტის მეშვეობით, მნიშვნელოვნად შევამციროთ რუსეთის ენერგოსისტემაზე ჩვენი ქვეყნის ენერგოდამიკიდებულების ხარისხი, რეალურად კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს ენერგეტიკული საექსპორტო პოტენციალი" - განაცხადა "სიპის" ხელმძღვანელმა.