ჩვენი ენერგოსიმდიდრეების გაზრდა ძირითადად ჰესების აშენებითაა შესაძლებელი

ჩვენი ენერგოსიმდიდრეების გაზრდა ძირითადად ჰესების აშენებითაა შესაძლებელი

„ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება, მაგალითად, ჰესი  ფარავანზე, ჰესი გურიაში და ა.შ., რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის და მნიშვნელოვნად წაადგება მას“, - აცხადებს გეოლოგი, პროფესორი შოთა ადამია, თუმცა თვლის, რომ ჰესის მშენებლობისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინტერესების  გათვალისწინებაც.

როგორ აფასებთ ზოგადად სიტუაციას საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხრივ და რამდენადაა უზრუნველყოფილი ქვეყანა ელექტროენერგიით?

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არის საშუალო. თუმცა, თუ განვითარდება ჩვენი მრეწველობა, წარმოება და ბიზნესი, აუცილებელი  და საჭირო გახდება ენერგეტიკული რესურსების გაზრდაც. ამ  დროისთვის საქმიანობის და მოხმარების თვალსაზრისით   დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა, თუმცა არა კარგი.

მკითხველისთვის საინტერესოა, რატომ შეჩერდა წინა საუკუნეში დაწყებული ხუდონის მშენებლობა, მაშინ როდესაც სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებული იყო. როგორც ცნობილია, ამ მშენებლობას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა.

 

ხუდონის მშენებლობის შეჩერების მიზეზი იყო ის, რომ დაინგრა  საბჭოთა კავშირი და შეწყდა დაფინანსებაც. რაც შეეხება  რევოლუციის შემდგომ პერიოდს, ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა და რატომ დათანხმდა ჟვანია და მისი გუნდი მის მშენებლობას. ამიტომ ამაზე ვერაფერს გეტყვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მთელი ჰიდრორესურსები 10-15%-მდეა გამოყენებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ჰიდრორესურსების გამოყენებით გავზარდოთ ელექტროენერგიის მიღება. ჩვენი ენერგოსიმდიდრეების გაზრდა ძირითადად შესაძლებელია მდინარეებზე ჰესების აშენებით. საქართველოში არ არის ისეთი  ადგილი, სადაც როგორც მცირე, ასევე დიდი ჰესის აშენება არ  შეიძლებოდეს. აქ მთავარი  არის ის, რომ მოხდეს რისკების სწორად შეფასება და შემდგომ  ჰესების აშენება. ხუდონჰესის ძველი პროექტი არ პასუხობდა რეალობას და არ იყო გათვალისწინებული ის საშიშროება, რასაც მისი მშენებლობა გამოიწვევდა.

როგორ  ფიქრობთ, რამდენად წაადგება საქართველოს ეკონომიკას ხუდონის აშენება და რამდენად ენერგოდამოუკიდებელს  გახდის ჩვენს ქვეყანას?

ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვაშენოთ ჰესები მდინარეების ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ რაც  შეიძლება ნაკლებრისკიანი და თანაც ეს არ უნდა მოხდეს  მოსახლეობის შევიწროების ხარჯზე. აუცილებელია, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება მოხდეს. თუ მოსახლეობა თანახმა  იქნება, ჰესი უნდა აშენდეს.

მსგავსი სიტუაცია იყო ენგურჰესის და ჟინვალჰესის მშენებლობის დროსაც, თუმცა ორივე ჰესი აშენდა და ამან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

 

მაშინ იყო უნიტარული სახელმწიფო და სახელმწიფო რასაც გადაწყვეტდა, ის იყო მთავარი. კერძო  საკუთრებას მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცეოდა. დღეს  განსხვავებული სიტუაციაა, ახლა ჩვენ ვამბობთ იმას, რომ კერძო  საკუთრება ხელშეუხებელია. ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის  ინტერესების გათვალისწინება.

თავად თქვენ რა აზრისა ხართ ამ პროექტის განხორციელებაზე?

 

მინდა აღვნიშნო, რომ არსებული პროექტი ბევრ საკითხს არ ითვალისწინებს. მაგალითად, გეოლოგიური თვალსაზრისით გეტყვით, რომ აუცილებელია კაშხლის დადაბლება, რომელიც ნაკლებ სახიფათო იქნება. ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება, მაგალითად, ჰესი ფარავანზე, ჰესი გურიაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის და მნიშვნელოვნად წაადგება მას.