საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტში გაწერილია საარჩევნო ადმინისტრაციის როგორც არასაარჩევნო პერიოდის, ისე თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები.
სამოქმედო გეგმა ეფუძნება ცესკოს 2012-2015 წლების სტრატეგიას და ორიენტირებულია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიულ თანამშრომლობაზე, ამომრჩეველთა ინფორმირებულობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე.
2014 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, ინფორმირებას მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. დოკუმენტი ასევე ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, რაც არჩევნების ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
საარჩევნო ადმინისტრაციის 2014 წლის სამოქმედო გეგმა შედგენილია როგორც ცესკოს, ისე ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, მრავალჯერადი განხილვებისა და დისკუსიების საფუძველზე, შესაბამისად, საერთო შედეგის მისაღწევად, კონკრეტული პასუხისმგებლობა ყველა მონაწილეზე ნაწილდება.