პოლიტიკოსები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას აფასებენ

პოლიტიკოსები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას აფასებენ

„დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა“ _ აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.

რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები და  როგორია მათი არგუმენტები, ამის შესახებ კომენტარებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი: „ხუდონჰესის და არა მარტო ამ ჰესის მშენებლობისას აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ, თუ რა შედეგს მოუტანს ის ქვეყანას, რა დაგვრჩება ჩვენ და ა.შ. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ასეთი გადაწყვეტილებებისას აუცილებელია მოხდეს იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგი ექნება მას გარემოზე, მოსახლეობაზე და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი. თავად ჰესის მშენებლობის იდეას მივესალმები“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი: ხუდონჰესთან დაკავშირებით, დეტალებში ღრმად არ ვარ ჩახედული და ამა თუ იმ საკითხის მიმართ პროექტის ავტორების ხედვა ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია. ვგულისხმობ იმას, რომ არ ვიცი, როგორ აპირებენ განსახლებისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტას. ეს ორი პრობლემა თუ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებით მოგვარდება, არ დაზარალდება ხალხი და გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზაცია მოხერხდა, პროექტის განხორციელებას ვერ შევეწინააღმდეგები. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ფართო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს. საქართველოსთვის ერთ-ერთი ასეთი ხუდონჰესია, რომელზეც ვერ ვიტყვით უარს. მთავარია, პროფესიონალების საფუძვლიანი ანალიზისა და მათ მიერ დადებული დასკვნების საფუძველზე აშენდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიგლა აგულაშვილი: „ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უფრო აამაღლებს. აუცილებელია მოხდეს საქართველოს ენერგორესურსების ათვისება და ვფიქრობ, ეს ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. მაგალითად, ხვალ გაიხსნა ბევრი საწარმო, ისმის კითხვა, ვართ თუ არა მზად, უფრო ზუსტად, არის თუ არა მზად ქვეყნის ენერგოსისტემა ამისთვის? ამიტომ, ჰესის მშენებლობა  აუცილებელია. თუმცა, აქ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რა დასკვნას დადებს გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით სამინისტრო და გაიცემა თუ არა ნებართვა მშენებლობაზე. თუ სამინისტროს ექნება შენიშვნები, პროექტის ავტორებმა ის შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. თუ არ ექნება შენიშვნები, ცხადია, რომ ის უნდა აშენდეს“.