„სიპი“-ს ინიციატივა: 2014 წელი „შაჰ დენიზი-2“-ის და „ხუდონის“ პროექტების წლად გამოაცხადდეს

„სიპი“-ს ინიციატივა: 2014 წელი „შაჰ დენიზი-2“-ის და „ხუდონის“ პროექტების წლად გამოაცხადდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას“ თავმჯდომარე ლევან კალანდაძე გამოდის ინიციატივით, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, კერძოდ კი „შაჰ დენიზი-2“-ის და „ხუდონის“ პროექტების წლად გამოცხადდეს. ამ ინიციატივას ექსპერტები ეხმაურებიან:

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი, პაატა ცინცაძე: 2014 წლის „ხუდონჰესის“ და „შაჰ დენიზი-2“-ის წლად გამოცხადება ძალიან კარგი იდეაა. ეს უნდა გახდეს რეალურად მართლაც საზოგადოების მსჯელობის საგანი, ინფორმაციული თვალსაზრისით მეტი საშუალება უნდა არსებობდეს, მეტი დრო უნდა დაუთმოს ტელევიზიამ და პრესამ ამ საკითხებს, მეტ ადამიანს უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის საშუალება. „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით კონსესუსამდე სხვანაირად ვერ მივალთ. ხუდონჰესის მომავალი წლის პროექტად გამოცხადება ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას აამაღლებს და გადაწყვეტილების მიღებაც ძალიან გაადვილდება. დღეს ხუდონის მოწინააღმდეგეებმა ძალიან ბევრი რამ არ იციან ამ პროექტის შესახებ.

როგორც „ხუდონჰესი“, ასევე „შაჰ დენიზი-2“ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინიციატივა, რომ 2014 წელი ამ პროექტების წლად გამოცხადდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. „შაჰ დენიზის“ მშენებლობის გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, უკვე აშენებულია „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“, ეს პროექტი იქნება სასარგებლო იმით, რომ მივიღებთ დამატებითი რაოდენობით გაზს და გარდა ამისა, ის სპეციალისტები, რომლებიც თავის დროზე „შაჰ დენიზი-1“-ზე მუშაობდნენ, ისევ დასაქმდებიან. შესაბამისად, გვექნება საკმაოდ დიდი ეკონომიკური ეფექტი, როგორც გაზის მიღების თვალსაზრისით, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდის თვალსაზრისით.

რაც შეეხება „ხუდონჰესს“, ამ ჰესის მშენებლობა აუცილებელია მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხუდონის მშენებლობა აუცილებელია კიდევ ერთი ფაქტორის გამო, როგორც იცით, იქ დაუმთავრებელი, დაუკონსერვებელი მშენებელობა, რომელიც გარემოს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე მისი აშენება და ბოლომდე მიყვანა. მის დაკონსერვებას 200 მილიონი სჭირდება, ეს თანხა ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, სამაგიეროდ იგივე ბიუჯეტი აქედან ვერაფერს სარგებელს ვერ მიიღებს. ამიტომ, ეს სადგური უნდა დასრულდეს და თანაც, აუცილებლად. თანაც, ხუდონის მშენებლობით ქართული ჰიდროენერგეტიკული სკოლის გაცოცხლება მოხდება, რომელიც ერთ დროს ძალიან ძლიერი იყო და შემდგომ ჩაკვდა!

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ არველაძე: ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ მშენებლობაა, უნდა დაიწყო მშენებლობა და ააშენო. წლად გამოცხადებას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია, რომ ობიექტები აშენდეს. თუ იმისთვის არის ეს ინიციატივა დაყენებული, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს მშენებლობა, მაშინ გამოაცხადონ. მიმაჩნია, რომ როგორც „ხუდონჰესის“, ასევე „შაჰ დენიზი-2“ აუცილებლად უნდა აშენდეს. უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გვაძლევენ ეს ობიექტები, ცხადია, რომ ერთიც და მეორეც ძალიან დადებითი მოვლენა იქნება საქართველოსთვის. ერთი მოგვიტანს დამატებით ელექტროენერგიას, მეორე კი ბუნებრივ აირს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, გია არაბიძე: 2014 წლის „შაჰ დენიზი-2“-ისა და „ხუდონჰესის“ წლად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორივე პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. როდესაც მომავალი წელი ამ პროექტების წლად გამოცხადდება, როდესაც ამ საკითხებზე გაიმართება კონსულტაციები, ხალხი მათ სხვა თვალით შეხედავს. ენერგეტიკა სხვანაირად ვერ გადარჩება. წლად გამოცხადება იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც 2014 წელს დაიწყება მათი მშენებლობა, ეს ნიშნავს საკითხის კარგად აწონ-დაწონვას და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას.