მესტიის გამგეობაში სოციალურად დაუცველი ადამიანების მიერ 2000-ზე მეტი წერილია შესული, რომლითაც ისინი სხვადასხვა სახის დახმარებას ითხოვენ.
მესტიის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა წლებთან ერთად მატულობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უჭირთ და დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.
"ამ წელს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1 100 ადამიანი დაფიქსირდა. მანამდე იყო ჯერ 700, შემდეგ _ 800, გაიზარდა 900-მდე და უკვე 1100 ოჯახია ასეთი.
ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა დავხმარებოდით ამ ადამიანებს. პირველ ეტაპზე, ბიუჯეტში ამისთვის ჩადებული იყო 98 000 ლარი. ეს დახმარება განსაზღვრავდა რამდენიმე კატეგორიას: ონკოლოგიურ დაავადებებს, სოციალურად გაჭირვებულებს, ლტოლვილებს...საუბარია სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე.
ამის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორიენტაცია გაჭირვებული ადამიანების ფულად დახმარებაზე აეღო. დასაწყისში იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახებს 300 და 500 ლარსაც ვაძლევდით, მაგრამ იმდენად ბევრი აღმოჩნდა ასეთი ოჯახი, რომ გადავწყვიტეთ 100 150 და 200 ლარი გადაგვენაწილებინა, რომ ყველას ყოფნოდა." - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.
-ბატონო კახა, რა კრიტერიუმებით ხდება თანხის განსაზღვრა ამ ადამიანებისთვის?
-გამოსავალი ასეთი ვიპოვეთ, რომელ ოჯახსაც 30 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა მინიჭებული, იმათ ვაძლევდით 200 ლარს, 30 000-იდან 45 000-მდე ვინც არის, იმათ 150 ლარს და 50 000 მდე ვინ არის, მათი დახმარება 100 ლარს შეადგენს.
მაგრამ არც ეს არის საკმარისი, ამიტომ ამ წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა 200 000 ლარამდე.
-დიახ, მატულობს და ზუსტად 300 ოჯახით გაიზარდა რაოდენობა. 900 იყო და ახლა 1 100-ია.
- დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალურის შემდეგ, რა არის მესტიაში შემოსავლის მთავარი წყარო? ფაქტია, რომ დასაქმება და სოციალური მდგომარეობა ერთმანეთზეა მიბმული.
- დასაქმების პრობლემა ნამდვილად გვიდგას რაიონში. მართალია, მიწები გვაქვს, ვამუშავებთ და მოსავალს ვიღებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
- ბატონო კახა, დღეს საკმაოდ აქტუალურად დგას ხუდონჰესის პროექტის თემა, რომელსაც ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ინვესტორს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. შემოდის თუ არა რაიმე სახის თანხა მათგან მესტიის ბიუჯეტში?
-სამი მილიონით იყო ჩვენი ბიუჯეტი დაგეგმილი და შემდეგ კიდევ 600 000-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტორს, მას მიწის გადასახადის სახით მილიონი ლარი აქვს შემოტანილი.