პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 42%-ით. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ანგარიშის მიხედვით, 1 სულ მსჯავრდებულზე ჯანდაცვის წლიური დანახარჯი 180 აშშ დოლარიდან საშუალოდ 760 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემისთვის შემუშავდა და ხორციელდება C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა; პროგრამა წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 12 000 ადამიანის გამოკვლევას, 500 პაციენტის მკურნალობას და 5000 ადამიანის B ჰეპატიტზე ვაქცინაციას; WHO რეკომენდაციების თანახმად, შეიქმნა პენიტენციური ჯანდაცვის მედიკამენტების სტანდარტი და გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგება. ფარმაცევტული დანახარჯი ერთ პატიმარზე წელიწადში 23 ლარიდან 128 ლარამდე გაიზარდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შეიქმნა და დაინერგა პატიმართა კვების ახალი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს 12 მიზნობრივ რაციონს.