„ჟვანიამ გვითხრა, სიტყვას გაძლევთ, ჩემი პრემიერობისას ხუდონჰესი აშენდებაო“

„ჟვანიამ გვითხრა, სიტყვას გაძლევთ, ჩემი პრემიერობისას ხუდონჰესი აშენდებაო“

"დღეს საქართველო 75 პროცენტით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. დამეთანხმებით, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის თითქმის ტოლფასი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის  რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია“. - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ

სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესი  ამ ეტაპზე, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ერთადერთ საშუალებად განიხილება.  ექსპერტები, რომლებიც ამ პროექტში ჯერ კიდევ წლების წინ იყვნენ ჩართულები, აცხადებენ, რომ ხუდონჰესი არის  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და  ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გედენიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ექსკლუზიურად აცხადებს, რომ გაპრემიერების შემდეგ თავად ზურაბ ჟვანიამაც კი აქტიურად დაიწყო ხუდონჰესის მშენებლობის ლობირება.

სად შედგა შეხვედრა  პრემიერ ზურაბ ჟვანიასთან და რა უთხრა მან სპეციალისტებს, ამას ზურაბ გედენიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

დღეს გარემოსდამცველები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ განვითარებულ ქვეყნებში დიდი ჰესები აღარ შენდება, რაც რეალობისგან შორს დგას. 2013 წლის დასაწყისის მონაცემებით, მსოფლიოში 60 მეტრზე მაღალი  271 კაშხალი შენდება.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჭარბი ელექტროენერგია აქვს და აღარ ჭირდება? მაშინ მივყვეთ ასე: 1990 წელს 19 მილიარდ კვ. სთ ელექტროენერგიას მოვიხმარდით და 15 მილიარდი გვქონდა გამომუშავება. დღეს გამომუშავება გვაქვს 11-12 მილიარდი კვ.სთ. მე ერთხელ ვახსენე და არ გაუშვეს ეს ტელევიზიით, ამიტომ თქვენთან ვიტყვი ახლა,  თუ ახალ ქვეყანაში მიდიხართ და გაინტერესებთ მისი ეკონომიკური მდგომარეობა და კულტურული დონე, უნდა იკითხოთ ერთ სულ მოსახლეზე რამდენი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოდის. იმიტომ, რომ არც კულტურაა და არც არაფერი, თუ ელექტროენერგია არ გვაქვს. ეს აბსოლუტურად განსაზღვრავს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ მდგომარეობას.  ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ზუსტად დაალაგებ განვითარებად ქვეყნებს და ჩვენ აუცილებლად აღმოვჩნდებით ქვევით, რადგან საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგია დაახლოებით 2000 კვ.სთ შეადგენს, განვითარებული ქვეყნებში კი 15-20 000-ს. გამოდის, რომ ელექტროენერგიის წარმოება გვჭირდება, ხო?" _ აცხადებს ზურაბ გედენიძე

რომ გვჭირდება, ფაქტია, მაგრამ გარემოსდამცველები მუდმივად ალტერნატიულ ვარიანტებზე საუბრობენ, თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, არსებობს რამე ალტერნატივა, რომელიც დიდ ჰესს ჩაანაცვლებს?

- თუ თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე საუბრობენ, ისიც უნდა იცოდნენ რომ ეს ეკოლოგიას მთლიანად ანადგურებს. გარდა ამისა, იქმნება სათბურის ეფექტი, ღრუბელივით იკრიბება მაღლა და გამოყოფს ორთქლს. ფაქტია, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ან უნდა ავაშენოთ დიდი ჰესი, თუ არადა, რჩება ატომური ელექტროსადგური, რომელსაც გაცილებით მეტი რისკფაქტორი ახლავს.

ერთი აკადემიკოსი იყო ასეთი, გივი სვანიძე, რომელიც გარდაიცვალა და ის ამბობდა სულ ასეთ ფრაზას: როგორც 20 ერთი წლის ბავშვი ვერ გააკეთებს ერთი ოცი წლის ბიჭის საქმეს, ისე 20 მცირე ჰესი ვერ გააკეთებს ერთი დიდი ჰესის საქმესო.  

მშენებლობის პერიოდში, ენგურზე 18 წელი ვიარე და მეგონა, რომ ანაკლიაში გარეცხვები უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერი დიდი გარეცხვები არაა. ინტენსიური გარეცხვები რომ ყოფილიყო, არც პორტის მშენებლობას დაიწყებდნენ და არც ბანაკისას. ენგური 271 მეტრიანი კაშხალია და ამას გავუძელით და ხუდონში რატომ უნდა იყოს საფრთხე? ხუდონი, პირიქით, გაუხანგრძლივებს ნალექის ხანგრძლივობას ენგურს და უკეთესი იქნება.

ბატონო ზურაბ, თქვენ როგორც  ამ ჰესის მშენებლობაში აქტიურად ჩართული ადამიანი, რას იტყვით, რატომ შეწყვიტა რუსეთმა ხუდონჰესის მშენებლობა 1989 წელს? ამბობენ, რომ ეს სულაც არ უკავშირდებოდა მაშინ აგორებულ ეროვნულ მოძრაობას...

- რუსეთმა მაგ პერიოდში იგრძნო, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ეს საშიშროება რომ არ ყოფილიყო, გამორიცხულია, რუსეთს ხუდონჰესის მშენებლობა გაეჩერებინა. ტურბინა-გენერატორები უკვე გამზადებული იყო და როსტოვში შემოდიოდა დასამონტაჟებლად. როცა რუსეთი მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლას აპირებდა, 11 უდიდესი მშენებლობა გააჩერა სხვა რესპუბლიკებშიც და მათ შორის მოხვდა ხუდონიც.

აწ გარდაცვლილი ვახტანგ გრძელიშვილი მეუბნებოდა, რომელიც ჟინვალის მთავარი ინჟინერი იყო, როდესაც მინისტრთან შევედით და მორიდებით ვუთხარით, საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და უნდა შევაჩეროთ მშენებლობაო, მაშინვე გადმოგვიყარა საბუთები და გვითხრა, თუ არ გინდათ, მიბრძანდითო.

ანუ, ერთის მხრივ არ დახარჯეს ფული და მეორეს მხრივ, "იზრუნეს" იმაზე, რომ ჩვენ არ გავმხდარიყავით ენერგოდამოუკიდებლები?

- დიახ, სწორედ მასე იყო, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენი საკუთარი სახსრებით დიდ ჰიდროელექტროსადგურს ვერ ავაშენებდით.

ბატონო ზურაბ, როგორც ამბობენ,  გაპრემიერების შემდეგ ზურაბ ჟვანია სულაც არ იყო ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგი, პირიქით, მას სურდა ამ პროექტის განხორციელება. იმ პერიოდში იმართებოდა გარკვეული შეხვედრებიც ამ საკითხზე. თქვენთვის თუ არის ამის შესახებ ცნობილი?

-  დიახ, უნდოდა ზურა ჟვანიას ხუდონჰესის აშენება და ახლა მე მაგას გეტყვით დეტალურად.  ვარდების რევოლუციის შემდეგ,  სწორედ იმ ოთახში, სადაც სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი დალია, იქ გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკოსებს ზურაბ ჟვანიასთან. ბევრი მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ ამის მოწმე ცოცხალი ადამიანებიც არიან: მაგალითად ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ელიზბარ ერისთავი, ნოდარ  ჭითანავა, ზურაბ მინდელი, მე აგერ ცოცხალი ვარ...

სანამ თავად ზურაბ ჟვანია გამოვიდოდა სიტყვით, მანამდე გამოიყვანა ანზორ ჭითანავა, რომელმაც ისაუბრა ხუდონთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ზურაბ ჟვანია და თქვა: თქვენ ჰიდროელექტრიკოსები მე მაბრალებთ ხუდონის გაჩერებას, მაგრამ  კაცურ პირობას გაძლევთ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ხუდონჰესის მშენებლობას დავამთავრებო.

კიდევ ერთსაც გეტყვით, გარდა ამისა, მე და ელდარ შენგელაია ერთად ვმოღვაწეობდით ერთ-ერთ ფირმაში. ელდარი ძალიან ახლოს იყო ზურაბ ჟვანიასთან და მიყვებოდა, რამდენი დაბადების დღეს ვულოცავ ზურას, იმდენი ხუდონჰესს ვახსენებდიო და ყოველთვის მპასუხობდა, რა გამიჭირეთ საქმე, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და შემეშალა და კონსულტანტებიც არ გვყავდა მაინცდამაინც კარგიო.

ასე რომ, როცა სახელმწიფოებრივი პრობლემები დააწვა ზურგზე პრემიერ-მინისტრს, მაშინ იგრძნო, რომ ენერგეტიკა საჭიროა...

ანუ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ხუდონი აშენდებოდა?

- იმ შეხვედრას, სადაც ჟვანიამ სიტყვასიტყვით თქვა: ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ხუდონჰესის მშენებლობას დავამთავრებო, ჩემს გარდა სხვებიც ესწრებოდნენ. მაშინ, როცა ეს შეხვედრა შედგა,  ის დაახლოებით სამი კვირის დანიშნული იყო პრემიერად...