ოპოზიციის გაგება რთულია, ისინი უფრო საკუთარი თავის ოპოზიციას წარმოადგენენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა RT-ისთვის (Russia Today) მიცემულ ინტერვიუში "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, "ისინი" უპირისპირდებიან თავიანთ ხალხს, მოქალაქეებსა და ქვეყანას.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაფერს ახალს არ აკეთებენ. რთულია მათთან ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება. მათგან ჯანსაღი კრიტიკა არ მოდის. ვფიქრობ, მათ საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს სიტყვა "ჯანსაღი". ასევე, მათ არც ის იციან, თუ რას ნიშნავს სიტყვა "ობიექტიური". მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ხალხი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობდნენ დემოკრატიის იმ ტიპს, რომელიც ფასადური იყო და ტყუილებზე აგებული. ყველაფერი ეს ფასადური იყო. თითოეული სფერო შევისწავლე. დამისახელეთ ერთი სფერო, სადაც მათ ფასადური ცვლილებები და ფასადური რეფორმები არ განახორციელეს? 300 ათასამდე ადამიანი მათი დევნის ობიექტი იყო. ჩემთვის ეს საშინელებაა - 9 წლის განმავლობაში 300 ათასამდე ჩვენი მოქალაქე. არ შემიძლია ყველაფერი ეს მშვიდად და ემოციების გარეშე მივიღო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, მათგან მშვიდად ვერ მიიღებს კრიტიკას, საბოტაჟსა და მორალურ გაკიცხვას.
"ეს ცინიზმია. ასეთია ჩემი აზრი დღევანდელ ოპოზიციაზე. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.