ლინკოლნ მიტჩელი ვილნიუსის სამიტს აფასებს

ლინკოლნ მიტჩელი ვილნიუსის სამიტს აფასებს

ამერიკელი ექსპერტი საქართველოს საკითხებში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიჩელი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით მსოფლიოს რუქაზე ავტომატურად ევროპის ნაწილი ხდება. თუმცა, ის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებას არ გამორიცხავს, მაგრამ სოჭის ოლიმპიადის გამო შეიძლება ზეწოლის მეთოდებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავოს. ამერიკელ ექსპერტს ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტი, თეა თუაშვილი ესაუბრა.


ბატონო ლინკოლნ, რა მოლოდინი გაქვთ უკრაინაში არსებული საპროტესტო აქციების ფონზე. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

არ ვიცი რა იქნება ამ აქციების დასასრული. უკრაინაში ევროკავშირთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი თითქოს გაყოფილია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით იქ არ არის პოლიტიკური ელიტა, რომელთა შეხედულებები ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ გადაიხრება. არ ვიცი რას მოიყანს გადავადების პროცესი. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი წელი უკრაინაში საარჩევნო წელია. სავარაუდოდ იანუკოვიჩის ეს გადაწყვეტილება მის რეიტინგზე და შემდეგ არჩევნების შედეგებზეც უარყოფით გავლენას იქონიებს. და თუ სათავეში ახალი პრეზიდენტი მოვა, შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს. მოდით ასე ვთქვათ, უკრაინას სჭირდება გამოვიდეს ამ ციკლიდან რასაც „ნარინჯისფერიდან ლურჯისკენ“ გადასვლა ჰქვია. ქვეყნის სათავეში როდესაც ახალი პოლიტიკური ფიგურა მოვა მას შეეძლება ამომრჩევლების მხარდაჭერის საფუძველზე ევროკავშირთან ურთიერთობები კვლავ აღადგინოს და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს. ამომრჩეველთა ნება იყო იუშენკოს პრობლემის ნაწილი, და შეიძლება ეს გადავადების პროცესი სწორედ ასეთი შედეგით დასრულდეს.

რუსეთი კმაყოფილი ჩანს უკრაინის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესის დროებითი გადავადების გამო. როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში?

საქართველო ბევრად სხვა სიტუაციაშია ვიდრე უკრაინა. საქართველოში არ არის აზრი ორად გაყოფილი უკრაინისგან განსახვავებით პირიქით, ერთსულოვანი დამოკიდებულებაა . ეს ეხება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც და ხალხშიც ასეთივე დამოკიდებულებაა. ასე რომ არ ვიცი რუსეთი რას მოიმოქმედებს, არა მგონია რუსეთმა იაქტიუროს ახლა ამ პერიოდში მაინც ვიდრე, სოჭში ოლიმპიური თამაშები არ ჩატარდება. ისინი ძალიან მონდომებულნი არიან, რომ სოჭის ოლიმპიადამ კარგად ჩაიაროს. თუმცა, იმასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, რომ ეს შექმნის დამატებით პრობლემებს საქართველო- რუსეთის ურთიერთობაში და არც იმის წარმოდგენა არის ძნელი, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა როდესაც არ მოსწონს ის, რასაც აკეთებს საქართველო. ილუზიების გარეშე, რუსეთს რის გაკეთების შესაძლებლობაც გააჩნია ყველამ იცის. მაგრამ ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ რუსეთის ტანკებს ვეღარ დავინახავთ თბილისში, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო. არა მგონია მსოფლიო ისეთი მარტივი იყოს დღეს, რომ ეს ახლაც განმეორდეს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ნიშნავს თუ არა სხვა ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივასაც?

ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან, ეს არის მსოფლიო რუქაზე იმის დემონსტრირება, რომ საქართველო ავტომატურად არის ევროპის ნაწილი. საბოლოო წევრობა დიდ დროს წაიღებს. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ნატოში საქართველოს საკითხზე უფრო სერიოზულად დაფიქრდებიან. ეს ფაქტორები ერთმანეთის სასარგებლოდ მუშაობენ.

ამერიკელი ექსპერტები თვლიან რომ უკრაინის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა საქართველო- უკრაინას შორის ურთიერთობებს არ შეცვლის.