ტყის გაშენების აქცია წავკისში

ტყის გაშენების აქცია წავკისში

WWF-ის ძალისხმევით და სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით, თბილისის შემოგარენში ტყის ახალი ნარგაობები გაშენდა

30 ნოემბერს, 13:00 საათზე, წავკისში ტყის საცდელი უბნის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია და მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.

ტყის საცდელი უბანი წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებულ ტერიტორიას, სადაც ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარი ტყის მასივების ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი ტყის ახალი ნარგაობების გაშენების სამუშაოები ხორციელდება.

ღონისძიებაში, რომელსაც უმასპინძლებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა (WWF- Caucasus), მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, თბილისის მინიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის, საზოგადოებრიობის, საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები. სტუმრებს საშუალება მიეცემათ გაეცნენ ინფორმაცია პროექტის შესახებ, დაათვალიერონ საცდელი უბანი და მასზე განხორციელებული სამუშაოები და ასევე, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ხეების დარგვაში.

ღონისძიება ეწყობა ევროკავშირის მხარდაჭერითა და “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” - (WWF) ეგიდით განხორციელებული რეგიონალური პროექტის “კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)” ფარგლებში. პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ეროვნული ორგანიზაცია - (WWF-Germany), რომლის რეგიონული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში WWF- Caucasus - ია.

რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების კარგვა და მავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციების* შესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობების – შემოსავლების წყაროების შენარჩუნებას.

აღნიშნული მიზნის განხორციელება მიღწეული იქნება ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თაობაზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებით, ხელოვნურად გაშენებული ტყის მასივების ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის გაშენების) განხორციელებითა და სატყეო სფეროში უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სათანადო ტექნიკური-მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენით.