პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ თბილისის საკრებულოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტს, რომელიც სამეცნიერო - საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობას მოიცავს, პოლიტიკის აკადემიის რექტორმა როინ მეტრეველმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა მოაწერეს ხელი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელ შეთანხმებას ისტორიული მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ქვეყანაში სამართლიანობის გარანტი იქნება.
"მინდა თბილისელებს მივულოცო დღევანდელი ძალიან სასიამოვნო, გადამეტების გარეშე ვიტყვი, ისტორიული მოვლენა.
გაფორმდა მემორანდუმი საკრებულოსა და დიდი ღირსების, პატივისა და გამოცდილების მქონე პიროვნებებთან. მათთან თანამშრომლობა პირველ რიგში იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ამ ქალაქში წარიმართოს სამართლიანად, ღირსეულად და ადამიანების პრინციპეპზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება გამოცდილების გაზიარება, ჩვენს მიერ წინასწარ იქნება შეთანხმებული, შესწავლილი და დამუშავებული, რის შემდგომაც მოხდება მისი გაჟღერებაც. იმისათვის რომ მოსახლეობას ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ამ ორგანიზაციასთან, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრებისა და კულტურის დონის ამაღლებას მოემსახურება“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
როგორც პოლიტიკური აკადემიის რექტორმა როინ მეტრეველმა განმარტა, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს საკრებულოში განსახილველ საკითხებში აქტიურად ჩაერთოს და საკანონმდებლო ორგანოს კონსულტაციები გაუწიოს ამა თუ იმ საკითხებში.
"ამ დოკუმენტში ჩადებულია ის ურთიერთობა, რაც ყოველი საკითხის გადაჭრის დროს იქნება საჭირო. დაწყებული ეკონომიკურით დამთავრებული პოლიტიკური საკითხებით. ჩვენ ხელს შევუწყობთ და მზად ვართ ექსპერტიზა გავუწიოთ მთელ რიგ საკითხებს, რომელიც საკრებულოში იქნება განხილული“,- განაცხადა როინ მეტრეველმა.
"ამ ახლად ჩამოყალიბებულ აკადემიაში ჩვენ გვაქვს განყოფილება, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი ექსპერტი და მეცნიერია. ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციებზე, ბიზნესგეგმებზე და პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მომავალში გამოადგება.
ვთვლი, რომ ამ მემორანდუმის გაფორმებას და ჩვენს თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის’’, აღნიშნა პოლიტიკური აკადემიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ.