ყაზახეთში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა

ყაზახეთში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა

ირაკლი კოვზანაძე: „ყაზახური მხარე საქართველოში ინვესტირების მასშტაბის გაფართოებითაა დაინტერესებული“

ყაზახეთში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და ჯგუფის სხვა წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ პრეზიდენტთან საუათ მინბაევთან. მხარეებმა ლიკანში, ყოფილი მე-4-ე სამმართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე „რიქსოსის“ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსარებელი კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5 მლნ. აშშ დოლარით განსაზღვრეს. მოლაპარაკებებისას ასევე, დაზუსტდა პროექტის შემდგომი დაფინანსების ინსტრუმენტები. ეს არის, როგორც კაპიტალში მონაწილეობა, ისე პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი საკრედიტო რესურსის გამოყოფა. ქართული და ყაზახური მხარეები ლიკანის განახლებულ კომპლექსში თანაბარი წილით არიან წარმოდგენილნი. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე თვის ბოლოს გაფორმდება.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების შედეგად პროექტი უკვე 2014 წლის ზაფხულისთვის დასრულდება და პირველ დამსვენებლებს მიიღებს. „გარდა ლიკანის პროექტთან დაკავშირებით მიღწეული საბოლოო შეთანხმებისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ყაზახური მხარე, როგორც საკუთრივ „ყაზმუნაიგაზი“, ისე სხვა მსხვილი კომპანიები და ბიზნეს-გაერთიანებები, სერიოზულად არიან დაინტერესებულნი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტირების პერსპექტივით. კერძოდ, საგნობრივი დაინტერესება გამოიხატა სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმში შემდგომი ინვესტირების მიმართულებით. აქვე მინდა მადლიერებით აღვნიშნო ყაზახეთში საქართველოს ელჩის, ბ-ნ ზურაბ პატარაძის ის დადებითი როლი, რაც მან, ამ ეტაპზე, ქართულ-ყაზახურ ბიზნეს-ურთიერთობებში ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებაში შეასრულა“, - განცხადა ვიზიტის დასრულებისას ირაკლი კოვზანაძემ.

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ ლიკანის რეკრეაციული კომპლექსი სრულ შეესაბამისობაში იქნება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. სასტუმროში იფუნქციონირებს 152 ნომერი, კომპლექსი დამსვენებლებს შესთავაზებს მრავალფეროვან სპა–პროცედურებს და აღჭურვილი იქნება გართობისა და დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სასტუმრო კომპლექსის ინვენტარით აღჭურვას ახორციელებს ცნობილი თურქული კომპანია „დეკონი“, რომელსაც ანალოგიური სამუშაოს წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვს. „დეკონის“ მიერ აღჭურვილია ისეთი კომპლექსები, როგორიცაა Holiday Inn hotel (ყაზახეთი), Park Hyatt Hotel (აზერბაიჯანი), Polus Golf Resort (უნგრეთი), Ashkelon Park Plaza (ისრაელი), Ramanda hotel & Suites (ავსტრია), La france Hotel (ჰოლანდია), Mariott Hotel (საქართველო) და სხვა. ადგილზე, ლიკანში, უკვე მუშაობს „რიქსოსის“ მიერ გამოგზავნილი მენეჯერი, რომელიც პასუხიმგებელი იქნება კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებაზე და მის განვითარებაზე.

ყაზახეთში ვიზიტის მსვლელობისას ქართულ მხარეს საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ასევე ყაზახეთის მეწარმეთა ნაციონალური პალატის მმართველ საბჭოსთან. პალატა აერთიანებს უმსხვილეს კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან. მეწარმეთა პალატის პრეროგატივაა ყაზახური ბიზნესის ინტერესბში შემავალი საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების განხორციელება. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, პალატა და საპარტნიორო ფონდი უახლოეს მომავალში დააფუძნებენ ერთობლივ ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს და ამ ფორმატით გააგრძელებენ ინტენსიურ თანამშრომლობას.