"საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადების დროა", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Hill საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, სარა უილიამსონის წერილს საქართველოს შესახებ.
როგორც სარა უილიამსონი აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა თუ შეედრება საქართველოს წინსვლის მხრივ, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ამერიკელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას.
"როგორც აშშ-ის მყარი მოკავშირე სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, ქართველი სამხედროები ერაყსა და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და დროა ვაშინგტონმა ცნოს ქვეყნის ბოლოდროინდელი მიღწევები", - აღნიშნავს წერილის ავტორი.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ოქტომბერში გამართული არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად აღიარეს, უდიდესი ნაბიჯია ქვეყნისთვის, რომელიც სულ რაღაც ათი წლის წინ რევოლუციამდე მიიყვანა არჩევნებზე მოპარულმა ხმებმა.
"საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტით აღინიშნა – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიცა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით დღევანდელი საქართველოს ასეთი სახით ჩამოყალიბებაში, მომავალ თვეს მთავრობას დატოვებენ. საქართველო კი მმართველობის უფრო ქმედით ფაზაში შედის, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ინდივიდუალურ პერსონალიებზე მაღლა დგას", - აღნიშნავს სარა უილიამსონი.
მისივე თქმით, არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრად წარდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალ პოლიტიკურ კლასს წარმოადგენენ, რომლებიც ორიენტირებული არიან რადიკალური რეფორმების გატარებაზე.
საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ასევე წერს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ უზარმაზარ წინსვლას მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ.
"პირველად ხდება, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, როგორც ნამდვილი საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი უმრავლესობითა და ძლიერი ოპოზიციით. კომიტეტები მართავენ ღია დებატებს, ჩართულები არიან მოლაპარაკებებში და იმაზე ხშირად მიდიან კომპრომისზე, ვიდრე ვაშინგტონში", - წერს სარა უილიამსონი.
წერილის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში, კანონის უზენაესობის ექსპერტები თითქმის ერთსულოვნად თანმხდებიან, რომ სასამართლო სისტემა უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. მისივე თქმით, მოსამართლეები ახლა ხშირ შემთხვევაში იღებენ პროკურორების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, ბრალდებულებს კი სამხილების ნაკლებობის ან პროცედურული დარღვევების გამო ათავისუფლებენ.
"ვიდრე ყოველივე ეს დასავლეთისთვის ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოსთვის ეს აღსანიშნავი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობდა ქართული სასამართლო თუნდაც ერთი წლის წინ. ვიდრე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მომავლისთვის სასიკეთოა, საქართველოს სრულ დემოკრატიაზე გადასვლა დასავლეთიდან მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებს", - წერს სარა უილიამსონი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად, საქართველომ წამოიწყო რეფორმები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით.
მისივე თქმით, ახალი მთავრობა რეგულარულად გადის კონსულტაციებს ბიზნეს წრეებზე კანონმდებლობის გავლენის შესახებ დაინტერსებულ მხარეთა ფართო სპექტრთან, ბიზნეს ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩათვლით.
"გასული წლის განმავლობაში მთავრობამ შემოიღო განბაჟების ზონები და გაატარა დაბალანსებული რეფორმები, ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად. ამ რეფორმების გავლენა მხოლოდ ახლა იგრძნობა. მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5-6 პროცენტით გაიზრდება", - წერს სარა უილიამსონი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მზადაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოსაწერად ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ამ თვის ბოლოს ამოქმედდება.
მისივე თქმით, ევროკავშირის პროგნოზით, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირში საქართველოს ექსპორტს 12 პროცენტით გაზრდის, იმპორტს კი 7-8 პროცენტით. ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრული შესრულება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გრძელვადიანი მშპ 4-ზე მეტი პროცენტით გაზარდოს.
"ორი წლის წინ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ დაიწყებდა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხილვას. რამდენადაც საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოთხოვნები დააკმაყოფილა, რომლებიც აშშ-ის მოთხოვნებადაც ითვლება, დროა ორივე ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ორივე მხარისთვის ამ ურთიერთსასასრგებლო ინიციატივის განხორციელებისკენ. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს პოტენციური ზრდისკენაა მიმართული, საქართველოს მომავლის იმედს მისახავს. მსოფლიოს იმ რეგიონში, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრებისგან შორსაა, საქართველო წარმოადგენს უნიკალური წარმატების მაგალითს, რომლითაც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უნდა ისარგებლონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობების გაფართოებით", - წერს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი.