სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შალვა ფიფიამ შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის, შეღავათიანი აგროკრედიტის, სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელები განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მნიშვნელობით დაინტერესდნენ.
„ჩვენ უკვე დავაარსეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო. სახელმწიფო კოოპერაციას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და, შესაბამისად, ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და განვითარებას. კოპერაციამ მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს სოფლის მომავალი, სტიმული მისცეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელი უნდა შეუწყოს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და სიღარიბის აღმოფხვრას“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ხელისუფლების საექსპორტო სტრატეგიაზეც. მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძების მიმართულებით მუშაობა.
როგორც შეხვედრის დასასრულს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია და სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის.