საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის

"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის", - ამ სათაურით აქვეყნებს "როიტერი" სტატიას გიორგი მარგველაშვილზე

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სავსებით შეესაბამება სუპერმენობის მსურველი პოლიტიკოსებისგან თავისუფალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისეულ ხედვას. 

"44 წლის მშვიდი ფილოსოფოსი თავისი წინამორბედისგან – თვითდაჯერებული, გულახდილი და ენერგიული მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებულ სტილს შეძენს პრეზიდენტობას", - ნათქვამია "როიტერის" სტატიაში. 

სტატიის ავტორები ასევე ციტირებენ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის "როიტერთან" გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც განაცხადა, პრეზიდენტს კარგი მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს და მარგველაშვილს აქვს ეს თვისებები. 

"მინდა, რომ საქართველოში აღარ ეძებდნენ "სუპერმენებს". პრეზიდენტს კარგი მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს და გიორგის აქვს ეს თვისებები. პრეზიდენტი მხოლოდ განათლებული კი არ უნდა იყოს და გიორგი კარგად განათლებულია, არამედ უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. გიორგის აქვს შემოქმედებითი უნარი. ის კარგი მეგობარი და პატრიოტია", - ციტირებს "როიტერი" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. 

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ფილოსოფიის დოქტორი გიორგი მარგველაშვილი შემცირებული უფლებების მქონე პოსტს დაიკავებს. 

"ის სახელმწიფოს ლიდერი და შეიარაღებული ძალების სარდალი იქნება, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ აღმასრულებელი ძალაუფლება პრეზიდენტიდან მთავრობისა და პარლამენტის ხელში გადავა", - ნათქვამია "როიტერის" სტატიაში. 

როგორც ავტორები წერენ, ინგლისურად და რუსულად თავისუფლად მოსაუბრე გიორგი მარგველაშვილის საგარეო პლიტიკის მიზანი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაა. 

"მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა, საქართველო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ევროკავშირთან. შედარებით შორეული მიზანი ნატო-ს წევრობაა. რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერება, სავარაუდოდ უფრო გართულდება, თუ საქართველო მოსკოვის ორბიტიდან გადაუხვევს. 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც საქართველოს მარცხით დასრულდა, რუსეთი საქართველოს ორ ტერიტორიას აკონტროლებს და ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დაძაბული რჩება. თუმცა, მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არ შეუშინდება რუსეთის ზეწოლას", - ნათქვამიამარგარიტა ანთიძისა და ტიმოთი ჰერითიჯის სტატიაში.