ბიძინა ივანიშვილი:  მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრია

ბიძინა ივანიშვილი: მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრია

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, არ ეცდება, რომ სააკაშვილი დააპატიმრონ", - ამ სათაურით აქვეყნებს "როიტერი" მარგარიტა ანთიძისა და ტიმოთი ჰერითიჯის სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 

"როიტერის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერი იმედოვნებს, რომ შეამცირებს არასტაბილურობასთან დაკავშირებულ შიშს და აცხადებს, რომ არ შეეცდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, როცა მისი მეტოქე თანამდებობას დატოვებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

"როიტერთან" საუბრისას, პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და შემცვლელად თავისი მთავრობის ერთ-ერთ წევრს დაასახელებს, თუმცა ვინაობა არ გაუმხელია.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, ევროკავშირის მინისტრებმა გამოთქვეს შიში, რომ ივანიშვილი რევანშს აიღებს სააკაშვილზე თვეების განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებების დაბლოკვისთვის და მოახდენს ზეწოლას, რომ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცეს.

"ევროპელები და ამერიკელები მეგობრულ რჩევას გვაძლევენ, რომელსაც ვეთანხმები, რომ პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშილის კომენტარს.

"როიტერთან" საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის უსისხლო რევოლუციის შედეგად მოვიდა, შესაძლოა, საპრეზიდენტო იმუნიტეტის დაკარგვის შემდეგ პოლიციის მიერ დაიკითხოს. თუმცა, ივანიშვილისვე თქმით, ის დაჟინებით არ მოითხოვს სააკაშვილის დაპატიმრებას, რადგან ცუდი იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდება.

ამასთან, "როიტერთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რაში შეიძლება დაადანაშაულონ სააკაშვილი.

"თუმცა, როგორც ამას წინათ ივანიშვილმა განაცხადა, შესაძლოა, სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამო დაიკითხოს", -ნათქვამია "როიტერის" სტატიაში.

"როიტერთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ხმების 60%-ით გაიმარჯვებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მეორე ტური.

პრემიერის თქმით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ, მის მთავრობა ღირსეულად უძღვება ქვეყანას.

"არჩევნები ამის კარგი დადასტურება იქნება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა დაესახელებინა, ვინ იქნება მომავალი პრემიერი – საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრემიერო კანდიდატის ვინაობას 2 ნოემბერს დაასახელებს.

"ეს იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრი, ერთ-ერთი მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი. 19 ან 20 ნოემბერს, ჩვენ ახალი მინისტრთა კაბინეტი და ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება. მე კი ამის მერე თავისუფალი ვიქნები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "როიტერთან" საუბრისას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ოპონენტები ამბობენ, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა კულისებიდან განაგრძოს ქვეყნის მართვა, რაც არაკონსტიტუციური იქნება.

"საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ გვერდიდან დავსვა შეკითხვები და ბრძანებები გავცე. თუ მთავრობას ამის სურვილი ექნება, დამირეკავენ. საწყის ეტაპზე, ეს ნორმალური იქნება, მაგრამ თანდათანობით ეს სულ უფრო ნაკლებად მოხდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "როიტერთან".