27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის, გამარჯვებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა გაგრძელდეს და გაღრმავდეს ის პროცესი, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობაზე” ქართველი ხალხის გამარჯვებამ ჩაუყარა საფუძველი.
ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და საერთაშორისო თანაცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის აუცილებელი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისათვის საჭიროა კოორდინირებული და კონსოლიდირებული მმართველი გუნდისა და კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა. ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რა მანკიერი აღმოჩნდა, როცა “ოპოზიციურმა” (სინამდვილეში ჩასაფრებულმა და თვითგადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილმა) “ნაციონალურმა მოძრაობამ” (თავისი პრეზიდენტით დაწყებული) ფაქტობრივი ომი გამოუცხადა უმრავლესობის ნებით გამარჯვებულ “ქართულ ოცნებას” და ეს პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს განუწყვეტელი ვეტოების, საბოტაჟის, პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის იმიჯის შემლახველი უღირსებო და უთავმოყვარეო ქმედებების, დემაგოგიის, უტიფარი ცილისწამების პირობებში.
საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსების საქმეა 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და თავისი პატრიოტული და მოქალაქეობრივი ვალის აღსრულება. გულგრილობა და ინერტულობა ამ საქმეში დაუშვებელია და, რაც მთავარია, ხელის შეწყობაა იმ ძალებისათვის, რომელთა მიზანი ქვეყნის განვითარება კი არა, არამედ საკუთარი კეთილდღეობა და ძალაუფლების მოპოვების დაუძლეველი წყურვილია.
ხაზგასმით ვაცხადებთ: 27 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან მისვლითა და “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის ხმის მიცემით თითოეული ჩვენგანი პერსონალურ წვლილს შევიტანთ იმ პროცესის წარმატებით განვითარებაში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოსა და მისი მომავლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვებით - ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დამარცხებით - უნდა დასრულდეს.