ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს სამინისტროს 2013 წლის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში დეტალურად არის საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

განსაკუთრებული ყურადღება შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას ეთმობა, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი) გაუქმდა, მათ ნაცვლად კი ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები შეიქმნა; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 30%-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც გაზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი რეგიონები – 2013 წლის 18 მარტს ფოთში, ხოლო 23 აგვისტოს ზესტაფონში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობები; 2013 წლის ბოლომდე დასრულდება 100-მდე სამშენებლო პროექტი, მათ შორის ჭიათურაში, საჩხერესა და გუდაურში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა. მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის ორი ახალი შენობის მშენებლობა იმერეთშიც. მიმდინარე წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება რიგი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმების ბაზების რემონტი. უკვე აღდგენილია 6, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია 4 სათვალთვალო კოშკურის აღდგენა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კონტეინერი შეიძინა და მესაზღვრეებისთვის საგუშაგო ჯიხურების მოწყობა დაიწყო.

2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება  საკანონმდებლო ბაზის დახვეწას დაუთმო. 2013 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შსს-ს მიერ ინიცირებული ახალი კანონი „პოლიციის შესახებ“, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერა მთელი რიგი საპოლიციო ღონისძიებები, რასაც წინა კანონი არ ითვალისწინებდა. განხილვის ეტაპზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. შსს-ს მიერ შემუშავებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. შემუშავებული კანონპროექტების ნაწილი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად, ნაწილი კი მზადდება წარსადგენად;

ანგარიშის მიხედვით, ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება პირველად გაიმართა. უცხოელი ექსპერტების დახმარებით სხვადასხვა ქვედანაყოფები წლის განმავლობაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სამინისტროში, სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა, მათი ნაწილი სხვადასხვა სამსახურებში დასაქმდა.