ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სავაჭრო შეზღუდვები და მუქარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ , რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს.
როგორც "ასოშიეითედ პრესი" წერს, ევროკავშირის 28 ქვეყანა იმედოვნებს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ვილნიუსის სამიტზე. თუმცა, მოსკოვი მოუწოდებს ამ ქვეყნებს ევროკავშირის ნაცვლად, რუსეთს დაუახლოვდნენ და ამისთვის ზეწოლას ახორციელებს მათზე.
"ვერანაირი ზეწოლა ვერ გვაიძულებს დაშლას. ევროკავშირი ერთიანია თავის სურვილში, გააძლიეროს ურთიერთობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან", - განაცხადა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის მინისტერიალზე.
ამავე მინისტერიალზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯები ზეწოლის კუთხით კონტრპროდუქტიული იქნება.
"არსებობს საკითხები, რაშიც შეგვიძლია იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც რუსეთის მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფებიან", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.
მისივე თქმით, რუსეთი დამატებით ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ აღკვეთოს უკრაინის ევროკავშირისკენ სწრაფვა და ამიტომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ამისთვის.