საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, “წინა ხელისუფლება ინსპირირებული ტერორისტული აქტებით ცდილობდა, მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ ჰყოლოდა”.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ეჭვები იმის შესახებ, რომ 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში მომხდარი ინციდენტი ქართული მხარის პროვოცირებული იყო, საერთაშორისო ორგანიზაციებს თავის დროზეც გაუჩნდათ.
“ვის არ ჰქონდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს ინციდენტი ხელოვნურად იყო მოწყობილი? გაერო-ს ანგარიშშიც მოხვდა, გაერო-ს ექსპერტების პირდაპირი მითითება იყო, რომ ფაქტობრივად, არ მტკიცდებოდა ტერორისტული აქტი და მეტწილად ეჭვი ჩნდებოდა, რომ ინსპირირებული იყო. ცალკე ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიებაც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, დღევანდელი სახალხო დამცველის მიერ, რომელიც მაშინ სამოქალაქო სექტორში იყო. არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არავინ იყო დარჩენილი, ვისაც ამ “ტერორისტული აქტის” ინსპირირებაში ეჭი არ ეპარებოდა. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ ეს საქმე გამოეძიებინა, შესაბამისად, გამოძიებულია. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მთავარია, ჩვენი ქვეყნის წარსულ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლოთ. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება ასეთი ინსპირირებული ტერორისტული აქტებით, დაძაბულობებით ცდილობდა მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ ჰყოლოდა, ზემოქმედება მოეხდინა და არჩევნებში ხმები სათავისოდ გადმოექაჩა. არა მხოლოდ ეს, იქ მთელი რიგი ფაქტორები იყო, რომლითაც ერთი მხრივ, დაშინება ხდებოდა, მეორე მხრივ, ხაზგასმა იმისა, რომ თუ “ნაციონალურ მოძრაობას” არ ავირჩევთ, ქვეყანა დაიქცევა”, - განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტებს მომავალში საქართველოში ვეღარ ვიხილავთ, ქვეყანაში სამაგალითო არჩევნები ჩატარდება და დღევანდელი თუ მომავალი ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით მართავს.
ამასთან, სესიაშვილი არ არ გამორიცხავს, მსგავსი ფაქტები მომავალშიც იყოს გამოძიებული.
“დღე არ გავიდოდა, ხელისუფლებას რაღაც ასეთი არ შემოეგდო, სერიალებსა და ჩანაწერებზე აღარ ვსაუბრობ. მარტო პროკურატურაში იმდენი სარჩელია შეტანილი, არ ვიცი, როგორ უნდა გამოიძიონ. ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში რამდენიმე ათასი განცხადება შემოვიდა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის საფუძველზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გეს" ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები.