თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი მოსკოვის გამზირს და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას სტუმრობდა. თავდაპირველად მან მოსკოვის გამზირის მეოთხე კვარტლის მეშვიდე კორპუსი მოინახულა, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია და საკრებულოს ინიციატივით ამოქმედებულ იმ პროგრამაშია მოხვედრილი, რომლის ფარგლებშიც მწვავე ავარიული კორპუსების გამაგრებით სამუშაოებს მთლიანად დედაქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს.
ირაკლი შიხიაშვილმა პირადად გააცნო მოსახლეობას ამ პროექტის მიმდინარეობა და აუხსნა, რომ თავდაპირველად ცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე, რასაც უტარდება ექსპერტიზა. ამის შემდეგ უკვე ცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და იწყება მწვავე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას ასევე აუხსნა, რომ ამ პროცესის შესახებ მათ წინსწრებით ეცნობებათ.
„როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოს ინიციატივით დაიწყო მწვავე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ მათგანთან, რომლის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ფორსმაჟორით მისი სასწრაფო გამაგრება უნდა დაიწყოს, რათა შემდგომში გაძლიერება-გამაგრებისთვის კორპუსს საფრთხე მოხსნილი ჰქონდეს.
კოსმეტიკა ყველა სახლს ექნება სადარბაზოებშიც და სადარბაზოებს გარეთაც, თუმცა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ეს, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი პრობლემა გადაიჭრება ქალაქში. მომავალი წლისათვის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, რომ თბილისის მასშტაბით მინიმუმ კიდევ ასი კორპუსი გამაგრდეს.
ჯერ გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე. შემდეგ საპროექტო სამუშაოებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და ბოლოს იწყება გამაგრებითი სამუშაოები. ჩემი თხოვნით, ურბანულ კომისიას დავალებული აქვს, რომ ამ ყველაფრის შესახებ მოსახლეობას წინსწრებით მიაწოდოს ინფორმაცია, რათა ეს ადამიანები გაუგებარი მოლოდინის რეჟიმში არ იმყოფებოდნენ. ისინი ინფორმაციას უნდა იგებდნენ მანამ, სანამ შეკითხვას დასვამენ“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მოსკოვის გამზირის მეოთხე კვარტლის მეშვიდე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, რობერტ ჩაგელიშვილი აღნიშნავს, რომ კორპუსი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ირაკლი შიხიაშვილი მოსახლეობას ამ პრობლემის მოხსნას დაპირდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში კორპუსმა დაიწყო გადახრა, კედლები დასკდა, ბინების ფანჯრები ვერ იხურება და ზოგადად ძალიან მძიმე ვითარებაა. ახლა საკრებულოს თავმჯდომარე გვპირდება, რომ ყველანაირად დაგვეხმარება.
ჩვენ პრობლემა გვქონდა ასევე თანხასთან დაკავშირებით, რადგან მოსახლეობას არ ჰქონდა ფული საიმისოდ, რომ ეს გამაგრებითი სამუშაოები თანადაფინანსებით ჩატარებულიყო. ამასთანავე, აქ მოსახლეობას ეშინია, რომ თუ კორპუსიდან გასვლა იქნება საჭირო, წასასვლელი არსად აქვს. ირაკლი შიხიაშვილი კი გვპირდება, რომ თუ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსის გასამაგრებლად მისი დაცლაა საჭირო, მოსახლეობას ქირით გაგვიყვანენ. ამდენად, ამ მხრივაც პრობლემა არ გვექნება“, - ამბობს რობერტ ჩაგელიშვილი.
ამის შემდეგ ირაკლი შიხიაშვილმა მოსკოვის გამზირის მეოთხე და მეხუთე კვარტლების ოცამდე კორპუსი მოინახულა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ამასთანავე, საკრებულოს თავმჯდომარემ მოინახულა მეხუთე კვარტალში არსებული ტერიტორია, სადაც საკრებულოს ინიციატივით საბავშვო ბაღი აშენდება და ახალგაზრდობისთვის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, ადგილობრივებთან გასაუბრების შედეგად, გადაწყდა, რომ მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეგანათება დამონტაჟდება.
ამის შემდეგ, ირაკლი შიხიაშვილმა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე 106-ე საჯარო სკოლა მოინახულა (რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს დამთავრებული). სკოლის შენობას ფასადის მოპირკეთების და შიდა კომუნიკაციების პრობლემა აქვს. ირაკლი შიხიაშვილი 106-ე სკოლის დირექტორს დაპირდა, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს სკოლას დახმარებას.