19-20 ოქტომბერს ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს ქართული ყველის რიგით IV ფესტივალს ეგიდით ,,ქართული ყველის ათასწლეული და მისი ევროპული მომავალი“. ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეყველეთა გილდიის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ყველის სახლი, კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველო, ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი(ფაფ).
საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. წლევანდელი ყველის ფესტივალიც, სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურებადა.
19 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე ფესტივალს გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. ქართული ყველის შესახებ ისაუბრებენ მეცნიერები და ექსპერტები: ეთნოგრაფი, პროფესორი თამილა ცაგარეიშვილი, ყველის წარმოების უხუცესი ტექნოლოგი ომარ მახარობლიძე და ფესტივალის ფარგლებში გამართული კონკურსის პროფესიული ჟიურის თავმჯდომარე ზურაბ ცქიტიშვილი. ფესტივალის გახსნის ცერემონიალის ბოლოს ,,ქართული ყველის“ იდეისა და კონცეფციის ავტორი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე შემაჯამებელი სიტყვით წარსდგება და სტუმრებს ფესტივალის დაარსების მოკლე ისტორიას გააცნობს.
წლევანდელი ყველის ფესტივალი გაცილებით მასშტაბურია. ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველის გვერდით, წარმოდგენილი იქნება ქართული ნუგბარი, ღვინო, თაფლი, რეწვის ნიმუშები და სუვენირები.
ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები ეთნოგრაფიული მუზეუმის 3 ეზოში განაწილდება.
პირველი ეზო: ყველის მინი ბაზარი - 20-ზე მეტი ყველის მწარმოებელი (ფერმერული მეურნეობები, ქარხნული წარმოება) თავის მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს.
ამ ეზოში ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და გამოავლინონ საუკეთესო გემოს მქონე ყველი. ამისათვის ყველა ვიზიტორს გადაეცემა კონვერტი 5 ჟეტონით, რომელსაც მიაკუთვნებს სასურველი სახეობის ყველს. თითო სტუმარს 5 საუკეთესო ყველის არჩევის საშუალება ექნება.
მეორე ეზო: განკუთვნილი იქნება 5 წევრისგან შემდგარი პროფესიული ჟიურისათვის, რომელსაც პროფესორი ზურაბ ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს. ჟური კლასიფიკაციის მიხედვთ შეაფასებს წარდგენილ ნიმუშებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
რეგიონის საუკეთესო ყველი (გამარჯვებული რეგიონი)
საუკეთესო საგემოვნო თვისების ყველი (ხალხის არჩევანი)
საოჯახო ყველი
ქარხნული წესით დამზადებული
საქართველოში დამზადებული ევროპული ყველი
აღდგენილი რეცეპტებიოს საუკეთესო ნიმუში
დღის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და გადაეცემა მედალი.
მესამე ეზო: განკუთვნილია მეცნიერებისა და ჟურნალისტებისათვის. გაიმართება სამეცნიერო პროექტის „გიორგი ჩიტაიას კითხვანის“ პრეზენტაცია, რომელსაც წარუძღვება ეთნოგრაფი, პროფესორი თამილა ცაგარეიშვილი. აქვე მოხდება 80 საუკუნოვანი საყველე და სარძევე ჭურჭლის მინაბაძების, ასევე ყველისგან დამზადებული საკულტო ფიგურების გამოფენა და სამუზეუმო ექსპონატების ფოტო-ექსპოზიცია.
ამავე ეზოში 15:30 სთ-ზე ფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.
ყველის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეყველეთა გილდიის პრეზენტაცია, ასევე ყველის გილდიის საპატიო წევრების მიღების ცერემონიალი (პერფორმანსი), სადაც გაცოცხლდება საუკუნოვანი ტრადიცია და თბილისის ჰამქარის მიერ მოხდება გილდიის უსტაბაშის არჩევა. გილდიის მიზანია - პირველი პროფესიული გაერთიანების შექმნა, საერთო სამარკო ნიშნის ქვეშ გაერთიანება, ერთიან სავაჭრო სივრცეებში მოქმედება, პროდუქციის ხარისხსზე და ვიზუალზე ზრუნვა, შიდა და საეთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ერთიანი სამარკო ნიშნით წარმოდგენა.
მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ქართული ყველი, ასევე გაეცნონ ტენილი ყველისა და სვანური ელარჯის დამზადების პროცესს.
ადგილზე მოხდება ჩურჩხელების ამოვლებაც. სხვადასხვა მაგიდაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტკბილეული და ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქცია: თაფლი, დინდგელი, ცვილი, ფიჭა, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე და სხვა.
ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას წარმოდგენენ კომპანიები: სნო, ხარება, თბილღვინო, მარანი, შატო მუხრანი, ჯი-ვი-ესი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ვაინმენი, ქიმერიონი, თელიანი ველი, შუხმან ვაინს ჯორჯია.
ფესტივალის პირველი დღე დაიხურება კონცერტით, რომელსაც მომღერალი გია ნაცვლიშვილი წარუძღვება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი“ერქვანი“, კვარტეტი “ჰარმონია“ და სოფო ბედია.
20 ოქტომბერს. 11:00 -16:00 სთ-მდე ყველის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.