სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს გახდნენ მარათონელები და აქტიური მონწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში
„თბილისიმარათონი“ აქტიურ ფაზაში შედის. ჰაიდელბერგცემენტი ნახევარმარათონისთვის ემზადება - მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება. რიგით მეორე მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში ტრადიციულად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს - 26 ოქტომბერს გაიმართება.
ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები. ნახევარმარათონზე მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია 16+ . ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით და მონაწილეობა მიიღოს ნახევარმარათონში - www.tbilisimarathon.ge
რეგისტრაციის თანხა შეადგენს 10 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების (OSMP) საშუალებით. „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, მონაწილე ხდება ქველმოქმედების, რადგან რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად გროვდება.
პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით ხორციელდება. კომპანიის მთავარ ამოცანას ქვეყანაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, კერძოდ სპორტული ღონისძიებების – მარათონების, ნახევარმარათონებისა და გარბენების დამკვიდრება და ამ აქტივობებში საზოგადოების მასობრივი ჩართულება წარმოადგენს.
„თბილისიმარათონის“ რეგისტრაცია გრძელდება. მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გაიზარდა დარეგისტრირებული საელჩოების, კომპანიების, სასწავლებლების, სამინისტროებისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების რიცხვიც. მათ სურვილი გამოთქვეს გახდნენ მარათონელები და აქტიური მონწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, სასტუმრო შერატონი, გერმანიის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჯენერალი, ენერგო პრო ჯორჯია, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი - გაუ - PR სკოლა, ჯომარდობის ფედერაცია, ვექტორი, ფაინანშალს ბროქერს ჯორჯია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო, მედიქლაბ ჯორჯია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ბესტავაშვილი:
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მეორე წელია „თბილისიმარათონში“ მონაწილეობს. ჩვენთვის ნახევარმარათონში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქტიური მონაწილეა ყველა იმ ღონისძიებისა, სადაც პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მოტივაციას აძლიერებს ის გარემოება, რომ „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათისაა და მასში მონაწილეობით მცირედი წვლილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც შეაქვს.
შენც ჩაერთე, გახდი მარათონელი და ქველმოქმედი!
„თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. მარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მრავალი უცხოელი სტუმარი - საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. შარშან შემოსული თანხა გაორმაგდა ჰაიდელბერგცემენტის მიერ და 10 000 ლარი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებში მცხოვრები ბენეფიციარების დასახმარებლად გადაირიცხა. „თბილისიმარათონი“ გახდა ტრადიციული და საერთაშორისო ღონისძიება.
ჰაიდელბერგცემენტი სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი კომპანიაა გლობალურ ბაზარზე და მსოფლიოს მასტაბით ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში შედის. კომპანიის კუთნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო 40 ქვეყანში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში ჰაიდელბერგცემენტი 2006 წლიდან მოღვაწეობს და 3 ცემენტისა და 4 ბეტონის ქარხანას მართავს.