ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დადგენილება (#42/2012) განიხილა, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების პროცედურებს არეგულირებს.
კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილებიდან ამოღებულია პირველი მუხლის მეორე პუნქტი - ”დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღება”, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის 25-ე პუნქტი (”კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება”), კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო-გადაღების აკრძალვის საკითხს ისედაც არეგულირებს. კომისიამ ასევე გადაწყვიტა გააუქმოს დადგენილების რეგულუაცია, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შენობის დატოვების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი კარგავდა შენობაში დაბრუნების უფლებას (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).
ამავე დადგენილების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი კი ახალი რედაქციით ყალიბდება:
”მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტო-ვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭყისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე”.