ფრანგული Le Monde საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, დავით კეზერაშვილი 14 ოქტომბერს ნიცასა და მონაკოს შორის ტერიტორიაზე დააკავეს, ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნის საფუძველზე.
"საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბრალად ედება თაღლითობა და კორუფცია. ის ციხეში 40 დღეს გაატარებს. ამ დროის განმავლობაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის შესაძლო ექსტრადიციაზე", -წერს ფრანგული გამოცემა.
სტატიის მიხედვით, დავით კეზერაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, არ ფიგურირებდა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილ პირთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ თბილისმა მიმართა ინტერპოლს კეზერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
" მისი დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ორ ქვეყანას შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ნაწილია. 2004-2006 წლებში კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ის, ასევე, თავდაცვის მინისტრი იყო 2008 წლის ბოლომდე. ამ პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ დავით კეზერაშვილი ბიზნესით დაკავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის საქართველოს განყოფილება არაერთხელ ხაზს უსვამდა მისი აქტივების დაუდგენელ წარმომავლობაზე, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონებში. ის საკმაოდ წარმატებული იყო სარეკლამო ბიზნესში. მისი მთავარი პარტნიორია დავით იაკობაშვილი, მოსკოვში მცხოვრები გავლენიანი ბიზნესმენი. 2013 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი დადო 12 მილონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში, რის სანაცვლოდაც 2007-2012 წლის პერიოდში ის პროტექციას უწევდა კონტრაბანდული ალკოჰოლის ტრაფიკს უკრაინიდან. მაგრამ, მის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება 2008 წელს და ტელეკომპანია "იმედს". თავის დროს, მან აიძულა მთავარი აქციონერი, ჯოზეფ ქეი ტელეკომპანიის დათმობა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით კეზერაშვილი საფრანგეთში ლონდონიდან ჩამოვიდა, სადაც მან ერთი თვე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გაატარა. როგორც ისრაელის პასპორტის მქონე ადამიანმა, მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, დავით კეზერაშვილი მეორე მნიშვნელოვანია ფიგურაა, რომელსაც მართლმსაჯულება შეეხო. ეს მიხეილ სააკაშვილის პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. იმ დროს, როდესაც მერაბიშვილი ორგანიზატორი იყო, დავით კეზერაშვილი უზრუნველყოფდა პარტიის დაფინანსებას და ურთიერთობების განვითარებას კერძო სექტორის მსხვილ მეწარმეებთან",-წერს ფრანგული გამოცემა.