საქართველოში მოკლეს ილია

საქართველოში მოკლეს ილია

... მოეკლათ მოხუცი, სნეული ილიაი...

ორიოდე თვის სიცოცხლეღა რომ ჰქონოდა დარჩენილი ისედაცა...

ექიმები რომ იტყვიან მერე, გაკვეთის შემდეგა, ისეთ დღეში ჰქონია გული, ორ თვეზე მეტს მაინც ვერ გაატანდაო!..

და ჰე, გულზე როგორ მოეფონება საქართველოსა, ისედაც განწირული ყოფილაო!..

მოეკლათ დაღლილი,  გულგატეხილი, განწირული...

რომ არ იკარებდნენ... რომ არ აკარებდნენ აღარაფერსა... აღარა გვჭირდებიო...ზედმეტი ხარო...უშენოდაც კარგად მივხედავთ საქმესაო... შენზე უკეთესადაო...

რომ აღარ სცნობდნენ... აღარა ცნობდნენ... ლამის სალამსაც რომ ამადლიდნენ...

სიცოცხლე რომ გაუმწარეს  ბოლოს მაინცა... ლამის  თვითონვე რომ აღარ  უნდოდა უკვე სიცოცხლე...

და მაინც, მარტო რომ ებრძოდა, არ  ეპუებოდა მტრებსა...

თავის დასაცავად რომ დასდგომოდა საქმე, თავის სამართლებლადა, რომ არ იყო მტერი გლეხისა, მუშისა, ხალხისა, ქვეყნისა... რომ არ იყო ბოროტი, მტარვალი, მჩაგვრელი... რომ არ უჭერდა გლეხებს წყალსა... რომ არ იყო გასუქებული სხვების ოფლითა და პურითა...

რომ დასცინოდნენ უკვე მოყვანილობისთვისაცა... პურიც რომ ენანებოდათ უკვე მისთვისა, ლუკმას რომ უთვლიდნენ  და უზომავდნენ...

და ისმენდა, კითხულობდა ამგვარებს მთელი საქართველოი...

უყურე შენო!.. ეს ვინ ყოფილაო!..

ჟივილხივილობდნენ, უხაროდათ ბავშვებივითა... იცინოდნენ, ხითხითებდნენ ფაშვგადმოგდებულები...

იმათ უსმენდნენ, იმათი სჯეროდათ!..

უნდოდათ და და უსმენდნენ!..

უნდოდათ და სჯეროდათ!..

ამას არ უსმენდნენ... ამას არ უჯერებდნენ...

არ უნდოდათ და არ უსმენდნენ...

არ უნდოდათ და არ უჯერებდნენ...

აბა რა ეგონა, მთელი ცხოვრება მოსვენებას რომ არ აძლევდა არავისა!..

ვინ დააყენა ეგა საქართველოს პატრონადა?!.

ქართველების უფროსადა?!.

ყელში ამოსვლოდათ უკვე, მობეზრებოდათ, შესძულებოდათ გულისგულში, – რომ მიეცათ უკვე სხვებისთვისა, ახლებისთვისა!..

წასულიყო  ამისი დრო და მოსულიყო სხვებისა, ახლებისა, რომ ეპირებოდნენ კლასების მოსპობასა და ახალი, ბედნიერი ქვეყნის აშენებასა,

სადაც არ იქნებოდა ადგილი მისთვის და მისნაირებისთვისა..

და იცოდა, ორი თვით ადრე მაინც იცოდა ლამის მთელმა საქართველომა, რომ მოკვლას უპირებდნენ, რომ უნდა მოეკლათ, რომ მოკლავდნენ ილიასა...

მოხუც, სნეულ, დაღლილ, გაწამებულ, სიცოცხლემოძულებულ საწყალ ილიასა...

რომ მოკლავდნენ აუცილებლადა, გადაუდებლადა, დაუნდობლადა, შეუბრალებლადა, გინებითა და წყევლა–კრულვითა...

აშკარადა, დღისითა, მზისითა, მოურიდებლადა...

ანკი რისი, ვისი მოერიდებოდათ, შეეშინდებოდათ, შერცხვებოდათ?!.

მოკლავდნენ ტყვიის დახლითა, ახლოდანა, დამიზნებითა, რომ კარგად დაენახა თვითონ იმასა, იმის ცოლსაცა – რომა კლავდნენ, რომ ერთ წუთში ჩაუქრობდნენ მზესა, გამოასალმებდნენ სიცოცხლესა, რომ მოსძულებოდა უკვე.

მაგრამ მაინც რომ ძნელია გამოსალმებაი უკანასკნელ წუთშიდა, სიკვდილის წინა,  დამიზნებული თოფების წინა.

მაინც  რომ ტკბილია  სული ამ დროსა, მაინც რომ ძნელია სიკვდილი, ლამის მონატრებული, რომ უყურებ თვალდათვალა,რომ ერთი წამიცა,

და აღარ იქნები, აღარ იქნება აღარაფერი.

აღარცა მზეი, ხუთი წუთის წინ ასე უღმერთოდ რომ აცხუნებდა, და ახლა კი...

და აღარ გათენდება შენთვისა,აღარ ამოვა ეს მცხუნვარე მზეი... იქნება სიბნელეი მარადიული...

და ისევ ამოვა მზე, და ყველაფერი იქნება ძველებურადა, 

ეს მიწა, ეს ცა, ეს ხალხი...

მაგრამ შენთვის არ იქნება აღარაფერი...

და შემცბარი,– შენც ხომ კაცი ხარ, ადამიანი, ხორციელი,

დაიყვირებ  –

რას შვრებით, ხალხო,

ილია ვარ!

მაგიტომაც გკლავთ, ილია რომ ხარ! – მოგიგდებენ კბილების ღრჭიალითა, გინებითა, ღიმილითა, და დაგახლიან ტყვიასა...

და ჰა, მოგდგომიან მერე კონდახებითა, გიჩეჩქვავენ  შუბლებსა

მაგრადა, გულდაგულა, საიმედოდა/ქართველები ხომ, თუ რამეს აკეთებენ, თუ გაკეთებამდე მივა საქმეი, ყველაფერს გულდაგულ, საიმედოდ აკეთებენ!/,

ტყვიას ბოლომდე ვერ ენდობიან, და საკუთარი ხელით გიღებენ ბოლოსა,

გისწრაფავენ  წუთისოფელსა... გიქრობენ მზესა.

უკვე რომ აღარაა მცხუნვარეი, საერთოდ რომ აღარაა,

ჩასულა, ჩამქრალა, ჩასვენებულა სამუდამოდა, მარადიულადა...

და სიბნელეა უკვე ყველგანა...

და მაინც არ განებებენ თავსა ესენი, ქართველები...

ვერ მოუფიქრებიათ სიჩქარეშიდა, თორემ გამოგჭრიდნენ  ყელსაცა ხანჯლითა, მოგაჭრიდნენ თავსა მთლიანადა, გადააგდებდნენ და დიხოცებოდნენ სიცილითა გაგორებულზედა...

ქართველებს ხომ უყვართ გემრიელი, გულიანი სიცილი...

და ვინ იცის, ბოლო სულის ამოსვლის წინა,  გაახსენდებოდა, მრავალი წლის  წინ, ის იყო, რომ გამოსულიყო   ასპარეზზედა,და უკვე მოესწრო ბევრის გამწარება–გაწიწმატება და უპირებდნენ ხანჯლით მოკვლასა, ეთქვათ  მაინც  ბოლოსა, კარგი, ნუ მოვკლავთ, ახალგაზრდაა, ეგება მართლა  ჩვენზე უკეთ გამოადგეს საქართველოსა,  ქვეყანასაო!..

და აჰა, გამოსდგომოდა საქართველოსა,  ქვეყანასა, როგორც შეეძლო...

დაეკლო ხელი ალბათ ამასაც ბევრი რამისთვისა, ვერ მოესწრო, მიეტოვებინა...

ბოლოს ხომ სულ აეღო ხელი წერაზე, როგორც მწერალსა, როგორც პოეტსა...

აღარ იყო ამისი დროი, ძალაი, განწყობაიცა...

შებმოდა მთლიანად სხვა სატკივრებსა, სადღეისოთა, სამერმისოთა...

კამათში, დავაში, ბრძოლაში, ჯაფაში გაგლეჯილიყო  ასნაირადა...

ყველაფერში ეს იყო,

ყველაფერი ეს იყო...

ყველგანა, ყველგანა, ყველგანა...

მისახედი, მოსავლელი, მოსასწრები იყო ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი ამოდენა ქვეყანაზედა!..

პატარა საქართველოიო!

ეგა სიტყვაა,  სიტყვით თამაში.

აბა, მიდი, შედი, იცხოვრე, იჯახირე ამ ვითომ პატარა ქვეყანაში...

რამოდენა ვაება,  უბედურება ტრიალებს...

რამოდენა რამეა მისახედი, საპატრონებელი, გადასარჩენი...

ჯერ კიდევ რო დარჩენილა,  შემორჩენილა როგორღაცა... რატომღაცა...

უკვე დაღუპული, მორჩენილი რომა ჰგონიათ, შიგნითაცა, გარეთაცა...

მომდგრებსა, შემოწყობლებსა, ჩასაფრებულებსა...

კბილების კაწკაწით, ხელების ფშვნეტით, ხითხითით რომ შემოჰყურებენ უფსკრულის პირას მიმდგარ ამ ვითომ პატარა ქვეყანასა, სამოთხესა...

სამოთხესა გარედანა, სხვებისთვისა...

შიგნით რო ჯოჯოხეთად ქცეულა...

და ტრიალებს, ტრიალებს ჯოჯოხეთურადა...

ამისთვისაცა,  ქანცი რო გასწყვეტია ამ ჯოჯოხეთურ  ჯაფაშიდა, გაგლეჯა–გამოგლეჯაშიდა...

თავბრუ რო დასხმია, რო აღარ იცის, რას ეცეს, წინ რომელი დააყენოს...

ყველაფერი რო საშურია, მოსასწრებია, სამკურნალოა, გადასარჩენია...

და მთელი ცხოვრება, მთელი ეს ჯოჯოხეთი ასე არ იყო?!  –

ჯაფაში, წყვეტაში?!.

და  ჰა, მოსულიყო, დამდგარიყო ჟამი შესვენებისა, დასვენებისა, მოსვენებისა...

მოსულიყვნენ ახალ დროების კაცები, ყიჟინა რო დაეცათ, მოვსპოთ ამისთანა მტარვალები, წურბელები, გადაშენდეს მაგათი ჯიში და ჯილაგიო!..

და მოსულიყვნენ...

კლავდნენ... სპობდნენ...

კიდევ  კარგი,  შვილი რო არა ჰყავდათ მაინცა,  თორემ ვინ იცის,ამათზე ადრე ის მოეკლათ, მისი ჯიში და ჯილაგი...

და რო იჯერებენ გულსა  გარჯილები, ნაჯაფრები, სისხლიანები, ოფლიანები...

ვალმოხდილები დაგანებებენ თავსა მკვდარსა, მზეჩამქრალსა, გამოსალმებულსა, ნაგვემსა,  ნაჯიჯგნსა...  გაძარცვულსა... –      

მერე მთელი საქართველო შენთან იქნება.

მოვლენ მამასთანა, პატრონთანა.

როგორც ეკადრებათ კარგ შვილებსა:

მოთქმითა, ტირილითა, ვაებითა, თავზე ნაცრის ყრითა!..

რომ გადააქცნვენ ამ დღესაცა, დღესა დიდი დასაფლავებისა,ზეიმადა, თეატრადა, სპექტაკლადა, თამაშობადა.

ქართველებს ხომ უყვართ, ეხერხებათ თეატრი, სპექტაკლი, თამაშობა.

იქნება გამოსვლები  მხატვრულადა, დარბაისლურადა, ვაჟკაცური წუხილითა, გოდებითა, ლექსებითა, რიტორობითა  სიტყვაკაზმულითა.

მღელვარე ზღვად იქცევა მთელი თბილისი, თბილისი კი არა, სრულიად საქართველო, აქ რომ მოსულიყო, მოზღვავებულიყო ამა თეატრზედა, სპექტაკლზედა,  წარმოდგენაზედა...

საუკეთესოდ   ჩაცმულები, გამოწყობილები, გამოწკეპილები, როგორც უხდება თეატრსა, წარმოდგენასა, თამაშობასა.

ბევრი  იარაღასხმულიცა.

ისე, როგორც მივიდა 40 ათასი კბილებამდე იარაღასხმული  ქართველი ერეკლეს დასაფლავებაზედა მცხეთაში, მეთაურობით ერეკლეს ძეთა, რამდენიმე ხნით ადრე რომ არ მისულიყვნენ ერთმანეთის ჯიბრითა, მამის ჯიბრითა კრწანისთანა,  რომ  დამდგარიყო   5 ათასი ძლივს მოქუჩებული კაცითა აღა მაჰმად–ხანის  30  ათასიანი სისხლმოწყურებული ურდოს წინაშე, და რომ  ელოდა, ელოდა დიდი მოლოდინითა, იმედითა, რომ მოვიდოდნენ აქა შვილები თავისი რაზმებითა, ამერ–იმერნი!..

ეჰ,  ესეც დიდი საწყალი...

რომ ვარგოდა მეომრადა, სარდლადა...

და რომ ვერ ივარგა პოლიტიკოსადა, სახელმწიფო მოღვაწედა...