დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც 2013 წლის რთველის ძირითად შედეგებზე ისაუბრეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლის სახით - დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
გარდა ამისა, საწარმოებმა „რთველი 2013-ის“ ფარგლებში დამატებით სპეციალური, შეღავათიანი სესხები აიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოებზე უკვე დამატებით გაიცა ჯამურად 43 688 024 ლარის ოდენობის 38 შეღავათიანი სესხი;
წელს რთველში პირდაპირი შემოსავალი დაახლოებით 17 ათასმა (16 885) ოჯახმა მიიღო. ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა სოფ. დიდ ჩაილურში ჩააბარა ერთმა ფერმერმა და 200,000 ლარამდე ანაზღაურება მიიღო. ჩაბარების საშუალო მაჩვენებელი 5 ტონა ყურძენი იყო და ოჯახები 7000 ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ.
შალვა ფიფიას განცხადებით, მთავარი შედეგი, რომელზეც ორიენტირებული იყო სახელმწიფო „რთველი 2013-ის“ დაგეგმვის დროს, მიღწეულია: დაეხმარნენ გლეხებს და მაღალი ორგანიზებულობით ჩაატარეს მთელი პროცესი და ამავე დროს ხელი შეუწყვეს წარმოების განვითარებას, მათზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ რთველში:
• სახელმწიფომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის სუბსიდიის პროგრამა სრულიად ახალი მიდგომით განახორციელა. პროგრამაში მეწარმები ნებაყოფლობით ჩაერთვნენ, ანაზღაურება კი, ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის გზით განხორციელდა;
• სწორედ განისაზღვრა დიფერენცირებული სუბსიდია;
• თანაბარ პირობებში ჩადგნენ დიდი და მცირე ფერმერები;
• რთველი დაიწყო მხოლოდ კონდიციური, დამწიფებული, ხარისხიანი ყურძნის დაკრეფიდან;
• რთველის მიმდინარეობის პროცრსში შსს ჩართულობა განისაზღვრა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და ადგილზე სიტუაციის კონტროლით;
• არ მოხდა სახელმწიფოს ზეწოლა ფასის განსაზღვრაზე - მეწარმე თავისუფალი იყო არჩევანში;
• არ მოხდა კომპანიებისათვის მისაღები ყურძნის რაოდენობების დაწესება;
შედეგად,
ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში 84 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 88742,0 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა).
„რთველი 2013-ის“ სწორად დაგეგმვამ კიდევე ერთი შედეგი მოიტანა. სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებული ყურძნის წილმა 17%-ი შეადგინა (ცნობისათვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65%-ს შეადგენდა), ხოლო დანარჩენი მოსავალი სრულად კერძო სექტორმა აითვისა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა: ,,განსაკუთრებული მოთხოვნაა მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში („მუკუზანი”, „ახაშენი”, „ქინძმარაული”) მოწეულ საფერავის ჯიშის ყურძენზე. აღნიშნულის გამო 1 კილოგრამ საფერავზე დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. საფერავის მაქსიმალურმა ფასმა 2,10 ლარი შეადგინა.
„წითელი“ ყურძნის (საფერავი) გადამუშავების პიკი დაფიქსირდა 12 სექტემბერს - ერთ დღე-ღამეში გადამუშავდა 4,500 ტონა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა“.