კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს ამომრჩეველთან შეხვედრები სვანეთსა და ლეჩხუმშ გამართა. ლენტეხისა და ცაგერის მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზას სუბარმა წარუდგინეს.
გიორგი მარგველაშვილი თეა წულუკიანთან და სოზარ სუბართან ერთად, „ლენტეხობის“ სადღესასწაულო ღონისძიებასაც დაესწრო. საპრეზიდენტო კანდიდატმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და სვანური სამზარეულო დააგემოვნა.
მთავრობის წევრებმა შეკრებილ საზოგადოებას 27 ოქტომბერს ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრეს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად ეკონომიკის გაძლიერება რჩება.
„ იმისთვის რომ მთავრობა ერთიან გუნდად წარმოჩინდეს და ის ცვლილებები რაც 1 ოქტომბერს დავიწყეთ გაგრძელდეს, უნდა ავირჩიოთ გიორგი მარგველაშვილი. არ მინდა სვანებმა თავი შევირცხვინოთ, დავირაზმოთ 27 ოქტომბერს საქართველოს გაერთიანებისთვის, სიმშვიდისთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის, საქართველოს ევროპულ გზაზე სამუდამოდ დაყენებისთვის“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ლენტეხში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე იხუმრა, რომ მოქმედ პრეზიდენტს „ორი პარასკევი“ დარჩა და მალე საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეყოლება.
შეხვედრის შემდეგ, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა სვანეთში იმედიანი და საქმიანი განწყობა დახვდათ. „ქვეყნის მომავალი არის გიორგი მარგველაშვილი. „ქართულმა ოცნებამ“ ეტაპობრივად დაიწყო დაპირებების შესრულება და მალე ქართველ ხალხს მშვიდი, ნორმალური, განვითარებული პოლიტიკური ცხოვრება ექნებათ“.
გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლების პრობლემები მოისმინა და მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ სტრატეგიას, რომელიც ხელისუფლებას ქართული ოჯახის დაცვის მიმართულებით აქვს: „ ძალიან თბილი შეხვედრები გვქონდა სვანეთსა და ლეჩხუმში. საგანგებო აქცენტი გავაკეთეთ იმ პოლიტიკურ მიმართულებებზე, რომელიც ხელისუფლებას ქართული ოჯახის დაცვით თვალსაზრისით აქვს.“
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა დასავლეთ საქართველოში ათდღიანი ტურნე დღეს ცაგერში დაასრულა.