საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა ქალაქის მერს

საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა ქალაქის მერს

ბატონო გიგი,

მოგეხსენებათ, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გასხვისებულ იქნა შპს სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი “შუა ქალაქში”, რომელიც 25 000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. სამკურნალო ცენტრში მომუშავე მედპერსონალი უნდობლობას უცხადებს ახალდანიშულ არაპროფესიონალ დირექტორს, რომელსაც არასდროს ჰქონია შეხება სამედიცინო სფეროსთან. ქალაქ თბილისის საკრებულოს არაერთგზის მომართა განცხადებით (2013 წლის ¹3967 ¹4180 ¹4280 ¹07/7890) სამკურნალო ცენტრის კოლექტივმა, ისინი აღნიშნავენ, რომ ობიექტი გასხვისებულია კანონდარღვევით, დირექტორი კი ცილს სწამებს და შეურაცხყოფს მათ. აღნიშნული დაპირისპირება ერთ კვირაზე მეტია გრძელდება, ხოლო თანამშრომელი ქალბატონები პროტესტის ნიშნად ღამეებს ათენებენ კლინიკის მისაღებში. ვშიშობთ პროცესი სავალალო შედეგით დასრულდება. სიტუაციის გარკვევის მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შევხვედროდით მხარეებს და მოგვესმინა მათი პოზიციები. კოლექტივი საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი მოქმედი დირექტორის მიმართ და არ აპირებს მასთან თანამშრომლობას, ხოლო ინვესტორი აცხადებს, რომ ის უარს იტყვის აღნიშნულ ქონებაზე თუკი მოხდება მის მიერ განხორციელებული ინვესტიცის დაბრუნება. 

აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კლინიკის საქმეს იკვლევს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია და მოკვლევის შედეგები შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნება შემდგომი რეაგირებისთვის. ამ ეტაპზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ უკვე გამოვლენილია გარკვეული დარღვევები.

შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ, შესაბამის სამსახურებთან ერთად შეისწავლოთ საკითხი და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ.