რადიო “უცნობის” გადაცემა “ინტერნეტ-კაფის” წამყვანის ნიკა ლაჭყეპიანის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის გვერდის მომწონებელთა რიცხვმა ორიოდე დღეში რამდენიმე ათასით მოიმატა.
"ნინო ბურჯანაძის facebook-ის გვერდი 2009 წელს შეიქმნა და 2013 წლის სექტემბრის ბოლომდე მხოლოდ 1000-მდე მომწონებელი ჰყავდა. ამ წლის 30 სექტემბერს გვერდის მომწონებელთა რიცხვმა ზრდა დაიწყო და დაახლოებით, 30 ათასს მიაღწია, რაც ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს ხელოვნურად მოხდა. გეტვით, რატომ: პირველი - არანაირი განსაკუთრებული აქტიურობა, რამაც შეიძლება, რეიტინგის ასეთი ზრდა გამოიწვიოს, ამ გვერდზე არ შეინიშნება. მეორე facebook-ზე რეკლამა ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერებულია, ამიტომ მომწონებელთა რაოდენობა რეკლამით ვერ მოიმატებდა. ძალიან დიდ ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ 1 კვირაში 30 ათასი ლაიქი საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთი პოლიტიკოსის გვერდზე ამხელა ზრდა არ ფიქსირდება ხოლმე. ამის შემდეგ, 1 ოქტომბრიდან დღემდე კიდევ 10 ათასი მომწონებელი მოემატა და მათი რაოდენობა ახლა უკვე 42 ათასი გახლავთ”, - განაცხადა ლაჭყეპიანმა.
მისივე განმარტებით, რეიტინგის ხელოვნური მატება პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება და ამას გარკვეული კომპანიები თუ პირები საკმაოდ დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ აკეთებენ.
“მარტივი მეთოდია. ამ მომსახურებას უკვეთენ კონკრეტულ კომპანიას ან პიროვნებას, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მომწონებელთა რაოდენაბას უმატებს და facebook-ის ყალბ პროფაილებს აფიქსირებს, ანუ ეს გახლავთ ყალბი ექაუნთები, რომლითაც იზრდება რაოდენობა. ეს ძალიან ცნობილი მეთოდია. ჩემი ინფორმაციით, 1000 მომწონებელი დაახლოებით, 250 ლარი ჯდება”, - განაცხადა მან.
რაც შეეხება პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, ლაჭყეპიანი აცხადებს, რომ დავით ბაქრაძის გვერდს facebook-ზე დაახლოებით, 80 ათასი მომწონებელი ჰყავს, თუმცა ეს საკმაოდ ძველი გვერდია და ეს ციფრი ბუნებრივია. ასევე რეალური მაჩვენელია 23 ათასი მომწონებელი გიორგი მარგველაშვილის გვერდზე, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს შეიქმნა.