საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და მსხვილ თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ“-ის დირექტორმა ჰალილ სარიბეიმ ხელი მოაწერეს დამატებით ხელშეკრულებას გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დაესწრო.
საპარტნიორო ფონდის ახალი მენეჯმენტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა არსებული პროექტის განსახორციელებლად და დღევანდელ დღეს ფონდისა და სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევით, მხარეებს შორის ყველა საკითხი შეთანხმებულია, რაც მყარი წინაპირობაა პროექტის წარმატებისთვის.
ირაკლი კოვზანაძის განცახდებით, მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ენერგოისტორიაში პირველად ხორციელდება და ეს პროექტი იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა გენერაციის ახალი წყაროების შექმნის კუთხით. „პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 200 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. იგი დაფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და მისი შვილობილი კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. შედეგად, საქართველოს ენერგეტიკა 2015 წლის ბოლომდე მიიღებს დამატებით 230 მეგავატის სიმძლავრეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორია მზარდი ენერგომოხმარების დაკმაყოფილებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის, გადამწყვეტი ნაბიჯი საქართველოს ენერგოსისტემის აღმშენებლობის და მისი მდგრადობისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით,“ -განაცხადა კოვზანაძემ
თბოელექტროსადგურს, რომელიც „ჯენერალ ელეკტრიკის“ ორი უახლესი მდტურბინით იქნება აღჭურვილი, საშუალება ექნება, საჭიროების შემთხვევაში, 25-30 წუთის მანძილზე ჩაერთოს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში, დაიცვას ენერგობალანსი და სისტემის გრადობა.
აღსანიშნავია, რომ უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობიდან გამომდინარე კომბინირებული ციკლის გარდაბნის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოიფიციენტი ერთი მესამედით უფრო მაღალია და 50%-ით უფრო ეკონომიური, ვიდრე სხვა ნებისმიერი დღეს საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგური.
საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიდან (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა, წარმოება) ენერგეტიკა პრაქტიკულად ყველაზე ინვესტიციატევადი და შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, საპარტნიორო ფონდის ძალისხმევით, ყველა საშუალება იქნა გამოყენებული, რათა ეს უპრეცენდენტო მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი მკაფიოდ განსაზღვრულ და მხარეებისთვის ერთნაირად ხელსაყრელ ვითარებაში განახლებულიყო.
გარდაბნის ახალი კომბინირებული ციკლის 230 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ზამთრისათვის იგეგმება.